„მიკვირს, როგორ ასწრებდა სწავლის შეთავსებას სპორტულ კარიერასთან“ - კლასის დამრიგებელი ბუდუ ზივზივაძეზე საუბრობს
22-03-2024

21 მარტი. დინამო არენა - საქართველო-ლუქსემბურგი - 2:0! დღის გმირი - ნაკრები და ბუდუ ზივზივაძე. ფეხბურთელის მიღწევებით დღეს განსაკუთრებით ქუთაისი და იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლა ამაყობს.

„ბუდუ, მეამაყები!“ - ეს იყო ერთადერთი ფრაზა, რომელიც თამაშის ყურებისას ზივზივაძის მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს, მაია გოცირიძეს, ემოციების ფონზე შეეძლო ეთქვა, თუმცა ახლა, როდესაც ვნებათაღელვა ცოტა ჩამცხრალია, ქალბატონი მაია etaloni.ge-ს ფეხბურთელის ბავშვობაზე უამბობს:

- ბუდუ მე-5 კლასში გადმოვიდა ჩვენს სკოლაში, ხოლო მე-10 კლასიდან სწავლა სპორტულ სკოლაში განაგრძო... საოცრად მოწესრიგებული ბავშვი იყო და მაღალი ნიშნებიც ჰქონდა. არასოდეს იგვიანებდა გაკვეთილზე, არ აცდენდა სკოლას, ვარჯიშობდა და მართლა გასაკვირია, როგორ ასწრებდა სწავლის შეთავსებას წარმატებულ სპორტულ კარიერასთან.

- ქალბატონო მაია, ცელქი მოსწავლე იყო?

- არა... ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული მოსწავლე გახლდათ და მისი ოჯახიც განსაკუთრებული შინაგანი კულტურის მატარებელია. სკოლა რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა, როდესაც შეჯიბრებაზე უწევდა წასვლა და ვამაყობთ, რომ ბუდუ ზივზივაძე ჩვენთან სწავლობდა.

- 21 მარტს, თამაშის დროს, ალბათ განსაკუთრებით ამაყი იყავით, ხომ?

- მხოლოდ ვიმეორებდი „ბუდუ, მეამაყები“! საოცარი შეგრძნებაა, როდესაც შენი მოსწავლე ასეთ მწვერვალებს იპყრობს.

etaloni.ge-სთან საუბრისას, იოსებ ოცხელის სახელობის, ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება ბუდუ ზივზივაძეს და ისიც გვითხრა, რომ მოსწავლეები დღეს ბევრად ამაყები მივიდნენ იმ სკოლაში, სადაც ფეხბურთელი - საქართველო-ლუქსემბურგის თამაშის გმირი სწავლობდა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203