„დასვენება, განტვირთვა არა მხოლოდ პატარებს, არამედ დიდებსაც სჭირდებათ“ - როგორ შეცვლიდნენ დასვენების დღეების ხანგრძლივობას სკოლის ლიდერები
06-03-2024

არდადეგების დაწყებას ყველა - დიდი თუ პატარა მოუთმენლად და დიდი ენთუზიაზმით ელოდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნულ საკითხს კანონმდებლობა არეგულირებს და ამჯერადაც, მოსწავლეებისთვის ერთკვირიანი დასვენება დაიწყება, რასაც მალევე სააღდგომო უქმეები მოსდევს.

სკოლებისთვის საგაზაფხულო არდადეგების ვადები ცნობილია

აღსანიშნავია, არდადეგების ვადებსა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა - ნაწილს მიაჩნია, რომ დასვენების დღეები დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ამ დროს მოსწავლეები სასწავლო რეჟიმიდან ვარდებიან, სკოლაში დაბრუნებულებს სწავლის გაგრძელება უჭირთ. ნაწილი კი ფიქრობს, რომ არდადეგები ბავშვებს პირიქით, ძალებს აღუდგენს და მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება.

2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო კალენდრის მიხედვით, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ბავშვებს ეხებათ. მასწავლებლები და დირექტორები კი ჩვეულებრივ აგრძელებენ სკოლაში სიარულს და მუშაობას.

საინტერესოა, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობენ სკოლის ხელმძღვანელები - შეცვლიდნენ თუ არა არდადეგების ხანგრძლივობას? - აღნიშნული კითხვით etaloni-ge-მ სკოლის ლიდერებს მიმართა:

თენგიზ შავაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად არდადეგები მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის. დასვენება, განტვირთვა არა მხოლოდ პატარებს, არამედ დიდებსაც სჭირდებათ. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი კარგადაა განაწილებული, მაგრამ მაინც საახალწლო დასვენებას 1-2 დღეს დავამატებდი. უფრო ადრე გამოვაცხადებდი საახალწლო არდადეგებს, რადგან ბავშვებს ბოლო დღეებში მაინც უჭირთ სწავლაზე კონცენტრირება. რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, პარასკევსაც დავასვენებდი სკოლებს და ორშაბათს დავიწყებდი სწავლას. ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არაა, დასვენება მხოლოდ ბავშვებს ეხება.

გელა ჩხიტუნიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი:

არდადეგები უმნიშვნელოვანესია ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში. ზოგადად, როდესაც ადამიანი იღლება, ის შრომისუნარიანი აღარაა. შესაბამისად, საჭიროა განტვირთვა, ძალების აღდგენა და დასვენება. ბავშვის სულიერი განვითარებისთვის, სკოლის გარეთ, სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა აუცილებელია, სწორედ არდადეგების პერიოდია ამისთვის ხელსაყრელი დრო. რაც შეეხება დასვენების განრიგს - ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა მოწყობილი. არც დავამატებდი და არც ამოვაკლებდი. როგორცაა ახლა, ისე დავტოვებდი. აქვე მინდა დავამატო, მივესალმები საგაზაფხულო არდადეგების დაბრუნებას. ზამთრის შემდგომ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ ძალები აღიდგინონ.

მარიამ კაპანაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მომწონს ის, თუ როგორცაა განაწილებული ჩვენთან დასვენების დღეები. საგაზაფხულო არდადეგებისთვის 1 კვირა ნამდვილად საკმარისია, თუმცა, რაც შეეხება საზაფხულო დასვენების დღეებს, კარგი იქნება თუ მაისის ბოლოს დაიწყება და 1 სექტემბერს დასრულდება. მგონი, ყველა ამ აზრზეა. პედაგოგებიც აღნიშნავენ, რომ ზაფხულში სწავლა ნაყოფიერი არაა, პირიქით, ბავშვები მოტივაციას კარგავენ. აღარც სწავლის სურვილი და აღარც ძალა აქვთ ამისთვის.

ლამზირა ჩხაიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამინისტროს როგორც აქვს გაწერილი არდადეგების განრიგი მას სრულებით მივესალმები. მარტის არდადეგები მხოლოდ ბავშვებისთვისაა. დირექტორს და მასწავლებელს ოფიციალურად მხოლოდ საზაფხულო არდადეგები ეხება. ვფიქრობ, პედაგოგებისთვის ეს პერიოდი სრულიად საკმარისია. ზაფხულის არდადეგები შესაძლებლობას გვაძლევს დავისვენოთ და ახალ სასწავლო პროცესს ენთუზიაზმით და ენერგიით შევხვდეთ.

დოდო ცქვიტაია, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

სემესტრებს შორის შესვენებები საჭიროა. სჭირდებათ ბავშვებს დასვენება და ძალების აღდგენა, იმისთვის რომ სწავლა ენერგიულად განაგრძონ. არდადეგების შემდეგ მოსწავლეთა სასწავლო რეჟიმში დაბრუნება რთულია. ამიტომ, მათ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებას ვთავაზობთ. საკმარისია თუ არა დასვენების დღეების ხანგრძლივობა, არ ვიცი. ზოგადად ივნისის თვეში სწავლა რთულია, ბავშვები ნაკლებად მოტივირებულები არიან, ერთი სული აქვთ, თუ როდის დაიწყება არდადეგები. მოკლედ რომ ვთქვა, არ არის ნაყოფიერი ამ დროს სწავლა. კიდევ 4-5 დღიანი არდადეგები თუ ექნებათ ალბათ კარგი იქნება, მაგრამ როგორცაა ახლა არც ასეა ცუდი. რაც შეეხება პედაგოგთა დასვენების დღეებს, ვფიქრობ, მასწავლებლები გარდა საზაფხულო არდადეგების პერიოდისა, ნამდვილად უნდა დადიოდნენ სკოლაში. ბევრი საქმეა მოსაგვარებელი, ანალიზი გასაკეთებელი და ა.შ. ონლაინ ჩართვებიც ხშირად გამიკეთებია, როცა სკოლაში ვერ მოვსულვართ.

ინა ბიწაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიხარია მარტის არდადეგების დაბრუნება. ვფიქრობ, მოსწავლეთათვის სასწავლო პროცესში დასვენება, ძალების აღდგენა და განტვირთვა მნიშვნელოვანია. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საზაფხულო არდადეგები მაისიდან უნდა დაიწყოს და სწავლა 1 სექტემბერს განახლდეს. მეც მივესალმები ამ მოსაზრებას. ივნისის პერიოდში ბავშვები მაინც არ არიან შრომისუნარიანები. რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, ეს მხოლოდ ბავშვებისთვისაა. თავისთავად 3 და 8 მარტი უქმე დღეებია და ყველა ისვენებს, მაგრამ დანარჩენი 1 კვირა ჩვეულებრივ დადიან პედაგოგები სკოლაში.


მარინა ცარციძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მომწონს არდადეგების საკითხი როგორცაა მოგვარებული, მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ 27 დეკემბერს დაიწყება ზამთრის არდადეგები. საგაზაფხულო დასვენების დღეებს რაც შეეხება კარგადაა განაწილებული, სრულიად საკმარისია 1 კვირიანი არდადეგები. მართალია ეს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ მაინც. ჩვენ ვალდებული ვართ სკოლაში ვიაროთ. ზამთრის არდადეგებზეც დავდივართ ხოლმე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ივნისის თვეში მოსწავლეებს საერთოდ არ აქვთ სწავლის განწყობა. ამაზე ამინდიც ავლენს გავლენას, მაგრამ რას ვიზამთ, ალბათ სხვანაირად ვერ ხერხდება განაწილება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203