რა განსხვავებაა დეკლარატიულ, პროცედურულ და პირობისეულ ცოდნას შორის? - სამივე კატეგორიის მაგალითი
20-06-2022

ცოდნის სამი კატეგორია არსებობს - დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული. ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა თითოეული მათგანის მნიშვნელობას.

თანამედროვე მიდგომებით სწავლება მხოლოდ გაკვეთილის ახსნას არ გულისხმობს. მასწავლებელმა იმდენი უნდა შეძლოს, რომ თითოეულ მოსწავლეს სამივე კატეგორიის ცოდნა ჰქონდეს.

საინტერესოა, რა განსხვავებაა დეკლარატიულ, პროცედურულ და პირობისეულ ცოდნას შორის? ამისთვის განვმარტოთ, რას ნიშნავს ცოდნის თითოეული კატეგორია და მოვიყვანოთ მაგალითები.

დეკლარატიული ცოდნა პასუხობს კითხვას - რა ვიცი? ის გულისხმობს ფაქტების, წესების, კანონებისა და პრინციპების თეორიულ ცოდნას. მარტივად რომ ავხსნათ, ცოდნის ეს კატეგორია მიანიშნებს, რა თეორიული ინფორმაცია აქვს მოსწავლეს? მაგალითად, შეიძლება მოსწავლემ ჩამოაყალიბოს წესი, რა არის ნაცვალსახელი და ამასთან, ჩამოთვალოს ნაცვალსახელის ჯგუფებიც, თუმცა ეს ინფორმაცია ჰქონდეს მხოლოდ თეორიული სახით და საჭიროების შემთხვევაში ვერ დაასახელოს, რომელია წინადადებაში ნაცვალსახელი.

პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვას - როგორ გავაკეთო? როგორ შევასრულო? ესაა მოსწავლის უნარი. ის დეკლარატიული ცოდნისგან იმით განსხვავდება, რომ თეორიული ცოდნის გარდა მოიცავს პრაქტიკულ მოქმედებებსაც. ამ კა­ტე­გო­რი­ის ცოდ­ნას მიეკუთვნება: ამოცანის ამოხსნა, წერილობითი ნამუშევრის შედგენა, ცდის ჩატარება. პროცედურული ცოდნა პრაქ­ტი­კუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვითარდება ანუ მოსწავლე სწავლობს ქმედებების საფუძველზე. თუ ზემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით ვიმსჯელებთ, პროცედურული ცოდნის შემთხვევაში მოსწავლე შეძლებს, ამოიცნოს წინადადებაში ნაცვალსახელები.

პირობისეული ცოდნა კი პასუხობს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში? რატომ? ცოდნის ეს კატეგორია გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას. მოსწავლეს შეუძლია საგნები, მოვლენები, სიტუაციები დაუკავშიროს ერთმანეთს, გაიაზროს, მას აქვს კატეგორიზაციის უნარი. მოსწავლემ იცის მიღებული ცოდნა როდის და რა პირობებში გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში. მაგალითად, დასახელებული მაგალითის მიხედვით, მას არა მხოლოდ ნაცვალსახელების ამოცნობა  შეუძლია, არამედ ის ხვდება, რომელი ჯგუფის ნაცვალსახელი როდის უნდა გამოიყენოს წერასა თუ საუბარში.

ცოდნის კატეგორიები კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ მარტივი მაგალითების მიხედვით:

დეკლარატიული ცოდნის დროს მოსწავლემ იცის მხატვრული ხერხის განმარტება.

პროცედურული ცოდნის შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია ტექსტში მხატვრული ხერხების ამოცნობა.

პირობისეული ცოდნის დროს მოსწავლე არა მხოლოდ ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს ტექსტში, არამედ შეუძლია, იმსჯელოს, რატომ გამოიყენა მწერალმა ესა თუ ის მხატვრული ხერხი, რისი თქმა სურდა ამით? და ასაბუთებს რატომ ფიქრობს ასე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203