„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მიღწეული წარმატება ჩვენთვის მომავალი გამარჯვების საწინდარი იქნება“-კერძო სკოლა „ევრო-2000-ის“პედაგოგი სულხან ოქროპირიძე
07-05-2024

ბათუმში ჩატარებულ ეტალონის“ გუნდურ  ჩემპიონატში ქალაქის  27 სკოლის გუნდი მონაწილეობდა, კონკურსს კი ეროვნული პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. გამარჯვება ამჯერად კერძო სკოლა „ევრო-2000-ის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა, გასულ წელსაც მონაწილეობდა ჩემპიონატში, მაგრამ გამარჯვება ვერ შეძლო. წელს კი დიდი მონდომების, ძალისხმევისა და მეცადინეობის შედეგად, ისტორიის პედაგოგ სულხან ოქროპირიძის ხელმძღვანელობით, პირველი ადგილი მოიპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ „ეტალონის“ პროექტებში დამარცხებულები არ არსებობენ, როგორც ისტორიის პედაგოგი სულხან ოქროპირიძე etaloni-ge-სთან აღნიშნავს, გამარჯვების საწინდარი სწორედ შარშანდელი წარუმატებლობა  აღმოჩნდა.

ახალი სტრატეგია შევიმუშავეთ, მიზანი დავისახეთ, ბევრი ვიშრომეთ, ცოდნა გავიუმჯობესეთ და შედეგსაც მივაღწიეთ, - სიამაყით ამბობს სულხან ოქროპირიძე და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე etaloni-ge-სთან საუბრობს.

- როგორც ვიცით „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში გასულ წელსაც მონაწილეობდა კერძო სკოლა „ევრო-2000, მაგრამ  ვერ  გაიმარჯვეთ. წელს კი პირველი ადგილის მოპოვება შეძელით... როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში. ის, განსაკუთრებით არაფორმალური განათლების დამკვიდრებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვებს ეხმარება სხარტი, ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში. მე, პირადად მქონდა გამოცდილება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან ვიყავი ჩართული ეტალონის სატელევიზიო პროექტში. ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო. შარშან, პირველად ჩავერთეთ ეტალონის ჩემპიონატში და სიმართლე, რომ გითხრათ კარგად არც ვიცოდით, რა ფორმატით ტარდებოდა. სწორედ ამიტომ, ძალიან ცუდი შედეგი გვქონდა - ოცეულს მიღმა აღმოვჩნდით. ეს ჩემი, როგორც მასწავლებლის არასწორი სტრატეგიის შედეგი იყო. ამ მარცხის შემდგომ გავაანალიზეთ ჩვენი შედეგები, შევარჩიე ისეთი მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არიან ძლიერები - ასე შეიკრა გუნდი ჩვენი დაუღალავი შრომისა და მონდომების შედეგად დავდეთ ბრწყინვალე შედეგი - გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას - ეს იყო ძლიერი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი - გეოგრაფიის, ისტორიის, სხვადასხვა საგნის მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორის გათვალისწინება - ამ საკითხზეც კარგად ვიმუშავეთ.

- არაფორმალური განათლება ახსენეთ და თქვენს სკოლაში რამდენად ეწყობა ხელი მის განვითარებას?

- ზოგადად, ჩვენს სკოლაში, ინტელექტუალურ კონკურსებსა და აქტივობებს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ბავშვებს აქვთ ამ მიმართულებით გამოცდილება. ვცდილობთ მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრებები სკოლაშიც ჩავატაროთ. გაკვეთილების პროცესშიც ვცდილობთ, მსგავსი ფორმატის აქტივობები განვახორციელოთ. ჩვენი მიზანია ლოგიკური აზროვნების განვითარებაში დავეხმაროთ მოსწავლეებს, რათა სწორედ ლოგიკურად მივიდნენ სწორ პასუხებამდე.

რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო ასპექტები მოიცავს არაფორმალურ განათლებას. აუცილებელია ეს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისთვის. ჩვენს რეგიონში უამრავი შესაძლებლობაა იმისა, რომ ბავშვებმა არაფორმალურ განათლება მიიღონ. ეს ბევრად უფრო საინტერესოა მათთვის, ვიდრე საკლასო ოთახში ჩატარებული ჩვეულებრივი გაკვეთილები, ან ნებისმიერი აქტივობები. ვცდილობთ კონკრეტულ ეპოქას, კონკრეტული თემა დავუკავშიროთ და გასვლითი აქტივობები მოვაწყოთ მუზეუმებში, ციხე-სიმაგრეებში.

ისტორიის პედაგოგი გახლავართ და ამ მიმართულებით მათ საინტერესო აქტივობებით დატვირთულ საგაკვეთილო პროცესს ვთავაზობ. თავად იკვლევენ გასული საუკუნეების მასალებს, პარალელს ავლებენ ახლანდელთან. მკვლევარების ამპლუაში ისინი თავს კარგად გრძნობენ. სწორედ ასეთი მიდგომებით შესაძლოა გაკვეთილი, რომელიც ერთი შეხედვით უინტერესო ეჩვენებათ, ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს მათთვის.

- სკოლის დირექცია, დირექტორი და სხვა საგნების პედაგოგები, უერთდებიან თქვენს ინიციატივებსა და წამოწყებებს?

- რა თქმა უნდა, დირექტორი ყველა წამოწყებასა და ინიციატივაში მხარს გვიჭერს. ყველა საგანმანათლებლო აქტივობაში არიან ჩართულნი ასევე დირექტორის მოადგილე, დირექცია და პედაგოგები. ყველას სურვილია, რომ სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყოს.

- უშუალოდ „ეტალონის“ გუნდურმა ჩემპიონატმა რა შეგძინათ, რა უნარები განუვითარა მოსწავლეებს და თავად ბავშვების განწყობაზეც რომ გვესაუბროთ, არიან თუ არა მოტივირებულები?

- პირველ რიგში, ამ გამარჯვების სიტკბო იყო ის, რომ ამ გამარჯვებამ შარშანდელი წარუმატებლობის მიუხედავად, მოსწავლეებში გამონახა ის ძალები, რომელთა მობილიზაციის შედეგად მივაღწიეთ წარმატებას. ეს გამარჯვება შარშან ჩვენთვის შორეული მიზანი იყო ჩვენთვის, წარმოუდგენლად მიაჩნდათ ბავშვებს.

ამ გამარჯვებამ მათ თავდაჯერება შემატა. ეს წარმატება მათთვის კიდევ ბევრი გამარჯვების საფუძველი გახდება თუ არ მოდუნდებიან და უფრო მეტი მონდომებით გააგრძელებენ მიზნისკენ სვლას. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ ჩვენი მოსწავლეები კიდევ ბევრჯერ ასახელებენ სკოლას და ყველა იმ ადამიანს ვინც მათ გულშემატკივრობს.

- ბატონო სულხან, როგორი დახვედრა მოუწყვეს გამარჯვებულ გუნდს სკოლაში?

- ჩემპიონატზე დირექტორმა, ხარისხის სამსახურმა გაგვაცილეს. ყველა ჩართული იყო, ყველანაირად დაგვეხმარნენ. როგორც კი დასრულდა ჩემპიონატი, დირექტორებთან გვქონდა ოფიციალური მიღება. როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში სიურპრიზსაც აპირებს დირექცია.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203