საერთაშორისო ღონისძიებები, პრაქტიკული და ვიზუალური სწავლების უპირატესობა - გაეცანით ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიურ სასკოლო ცხოვრებას
29-03-2024

ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლა, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უწევს საგანმანათლებლო და პანსიონურ მომსახურებას, მაქსიმალურად ცდილობს მათთვის საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნას. არაფორმალური განათლება სსსმ მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ღირებულია, რადგან იგი უზრუნველყოფს პრაქტიკულ და ვიზუალურ სასწავლო გარემოს, რომელიც მათ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს შეესაბამება. პრაქტიკული სწავლება რთულ საკითხებსა და კონცეფციებს უფრო ნათელსა და მიმზიდველს ხდის.

სკოლის კვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი და დირექციის წარმომადგენლების ინიციატივით საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და აქტივობებით იყო დატვირთული მარტის თვე. სკოლაში ყველა მნიშნელოვანი თარიღი და მოვლენა აღინიშნა მათ შორის ჩატარდა, π რიცხვის საერთაშორისო კვირეული, აღინიშნა გარემოს დაცვის დღე, მდინარეების დაცვის საერთაშორისო, ნარჩენების გადამუშავების, ტყისა და წყლის დაცვის საერთაშორისო დღეები.

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, π რიცხვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მათემატიკის წამყვანი მასწავლებლის ნინო გაბრიჭიძის ჩართულობით განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები: ჩატარდა საინფორმაციო პრეზენტაცია π რიცხვთან დაკავშირებით, რომელიც, ბუნებრივია, ვერ ამოწურავდა მოსწავლეთა ინტერსს მაგიური რიცხვის შესახებ და მასწავლებელმა გადაწყვიტა, პრაქტიკულად მიეყვანა მოსწავლეები π რიცხვის მუდმივობის დასკვნამდე. მათ შეასრულეს გაზომვითი სამუშაოები სხვადასხვა დანიშნულებისა და ზომის წრიულ ფორმებზე. გაზომეს წრეების გარშემოწერილობა სხვადასხვა ხერხით და შეაფარდეს იმავე წრის დიამეტრთან.

ძალიან ეფექტური აღმოჩნდა საბოლოო შედეგების პრეზენტაცია. π რიცხვი თითქოს სხვადასხვა მნიშვნელობას იღებდა, მაგრამ მთელი და პირველი ორი რიცხვი თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებულ გაყოფაში იდენტური იყო. მასწავლებელმა, მოსწავლეებს ასევე აჩვენა geogebra- ში შექმნილი ანიმაცია, თუ როგორ იცვლება π რიცხვი წრის ზომების ცვლილებასთან ერთად, მაგრამ ეს ცვლილება არასდროს ეხება წარმოდგენილ პირველ სამ ციფრს (3,14...)

როგორც პედაგოგმა ნინო გაბრიჭიძემ აღნიშნა, სწავლა კეთებით  მის პედაგოგიურ პრაქტიკაში შეუცვლელი მეთოდია, განსაკუთრებით სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლებაში.

აღსანიშნავია, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი მანანა ჟორჟოლიანი, საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული eTwinning საერთაშორისო პროექტში - „Eco Detectivies’’. გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად, სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივმა მუშაობამ მოსწავლეებში დიდი მოტივაცია და დაინტერესება გამოიწვია.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ჟესტური ენის თარჯიმნის თამარ ფხაკაძის მხარდაჭერით, დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ღონისძიება გარემოსდაცვით საკითხებზე:

14 მარტს მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასიცოცხლო ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და მდინარეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის შემდეგ, მასწავლებელმა მოსწავლეები დისკუსიისკენ წაახალისა. კითხვა-პასუხის რეჟიმში მათ აქტიურად განიხილეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის არხის სანაპირო ზოლში არსებული ეკოლოგიური პრობლემები. ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ნარჩენების (პლასტმასი, მინა, ლითონები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები) გადაყრა არხის ნაპირებთან აბინძურებს ნიადაგს, წყალს, რაც  ეკოსისტემების დეგრადაციას იწვევს. ნარჩენების დაგროვებამ შეიძლება გაანადგუროს ბუნებრივი ჰაბიტატები, გააფუჭოს მცენარეულობა და შეცვალოს ლანდშაფტი. მოსწავლეებმა იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზეც, გაუჩნდათ საინტერესო იდეა აღნიშნულ ტერიტორიაზე საინფორმაციო ბანერისა და ამკრძალავი ნიშნების განთავსების შესახებ.

18 მარტს, ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს, მოსწავლეებში ნარჩენების მართვის, გადამუშავების პრაქტიკისა და გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მანანა ჟორჟოლიანმა, სახვითი ხელოვნების მასწავლებლის ნატალია გორდაძის მხარდაჭერით, მოსწავლეებს  მეორეული ნივთების გადამუშავებით (ქილები, ბოთლები, მუყაოს ყუთები) კრეატიული და სასარგებლო ნივთები  შეაქმნევინა.

21 მარტს ტყეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ტყეების მნიშვნელობასა და გამეჩხერებული ტყის ტერიტორიების აღდგენის აუცილებლობაზე - მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერი ტყის სარგებლიანობის შესახებ და შექმნეს ნახატები ტყის თემატიკაზე. პრაქტიკული სამუშაოს დასრულების შემდეგ, მათ მოაწყვეს პრეზენტაცია და ნამუშევრები თანატოლებსაც გააცნეს.

ხოლო 22 მარტს, წყლის დაცვის საერთაშორისო დღეს მოსწავლეებმა იხილეს თემატური ანიმაციები, რომლის მიზანი უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

იხილეთ ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203