„ერთი ბავშვია, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ჯერ 14 წლისაც არ არის, მას მთელი პოლიცია და მეც ვიცნობ“ - შს მინისტრი არასწრულწლოვანთა დანაშულის შესახებ
20-03-2024

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, არასრულწლოვანთა დანაშაულის ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრობლემატურია და უწყება იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს მის მოგვარებაზე. 

ასეთი ბავშვებისთვის გაკეთდება იზოლირებული საცხოვრებელი სივრცე, რომელიც იქნება არა „ციხე, არამედ სახლის პირობები“.

„ვმუშაობთ იუსტიციასთან, ჯანდაცვასთან და განათლებასთან ერთად, შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება და უფლება არ ექნებათ, როგორც ეს ბავშვთა სახლშია, რომ მიიყვან და მეორე დღეს ისევ ქუჩაშია და რაღაცას აფუჭებს. იქ იქნება არა „ციხის“, არამედ სახლის პირობები. იქნება სკოლა, რამდენიმე ბავშვი, მასწავლებელი, აღმზრდელი. ამ მოდელზე ძალიან აქტიურად მუშაობს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენ ერთად ვართ ჩართულები. სხვა გამოსავალი, სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ ვნახე,ძალიან რთულია. გეთანხმებით, რომ ეს რეალურად პრობლემა არის.

იყო შემთხვევები, როდესაც 14-წლამდე, 11-12 წლის 5-6 ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს, ანუ ტურისტებს და ტელეფონი მოპარეს, წააქციეს. მსგავსი შემთხვევები იყო ბათუმში, თბილისში მეიდანზე. იყო ძალიან ბევრი შემთხვევა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულების მხრიდან. ამის შემდეგ ხდება მათი გადაცემა, ხშირ შემთხვევაში პატრონები არ აკითხავენ და ჩვენი თანამშრომლები ჩადიან, ჩაჰყავთ სახლამდე, თვითმფრინავის ბილეთებს ვიღებთ და ა.შ. ესეც დიდი პრობლემაა. ასევე, იყო შემთხვევები საზღვარზე. არ დავასახელებ ქვეყანას, რომლის საზღვარზე დაგვიკავებია 10-12 ბავშვი ერთ უფროსთან ერთად მოდიან არც საბუთი აქვთ არანაირი. იგივე შუქნიშნებთან, ყველას შეგვინიშნავს ბავშვები, რომელიც თუ თანხას არ მისცემთ, მანქანას უზიანებენ. პატარები არიან 8-10 წლის“, - აღნიშა გომელაურმა. 

როგორც შსს მინისტრმა განაცხადა, ერთ-ერთი არასრულწლოვანს, რომელიც 14 წლისაც არ არის უკვე 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი. ამ ბავშვს თავად მინისტრიც იცნობს თუმცა ვერაფერს აკეთებენ. 

„ერთი ბავშვია, არ დავასახელებ გვარს და სახელს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ჯერ 14 წლისაც არ არის. 32 ყაჩაღობა. ეგეთი რაღაც ისტორიაში, საქართველოშიც და მე მგონი, ალბათ, უცხოეთშიც არ იქნება, არც რუსეთში, არ ვიცი. აფთიაქში დანით შესვლა, წართმევა, და ასე შემდეგ 13 წლის არის, ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მეც ვიცნობ ამ ბავშვს უკვე ისეა. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას, ბოდიში, ტირილი რაღაც, ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვერ ვუზამთ. ეს პრობლემა ნამდვილად დგას და ვმუშაობთ აქტიურად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203