სანთლებით დამშვენებული რომანტიკული გარემო და მოსწავლეთა შემოქმედება - გავაზის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული საღამო გაიმართა
13-12-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გარემოა შექმნილი. სკოლა ბავშვებს ყველა საჭირო სასწავლო რესურს სთავაზობს, რაც მათი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

როგორც პედაგოგი ეკატერინე ავაზაშვილი გვიყვება, სოფელ გავაზის ევროსტანდარტების შესაბამისად ახლადაშენებული სკოლა 2010 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სამსართულიანი შენობა აღჭურვილია უახლესი ინვერტარით, ფუნქციონირებს აინშტაინის პროგრამით მოქმედი ლაბორატორიული კაბინეტები, კომპიუტერული კლასები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამოქალაქო განათლებისა და თავდაცვის საკლასო ოთახები, სპორტდარბაზი და სკოლაში დამონტაჟებულია თანამედროვე ლიფტი.

სკოლა აქტიური სასკოლო ცხოვრებით გამოირჩევა, თანამედროვე მოთხოვნებისა და პროექტების განხორციელებით. აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალი ჯილდოს მფლობელია და მის სახელზე არაერთი წარმატებაა.

სკოლაში, ასევე, ფუნქციონირებს სასკოლო ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც სკოლის დირექტორმა - ლია კაპანაძემ დიდი ენთუზიაზმით მოაწყო.

„დიდ აღტაცებას იწვევს თანამედროვე სკოლის სასკოლო ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც დიდი რუდუნებით მოაწყო თანამედროვე სკოლის დირექტორმა, ქ-მა ლია კაპანაძემ და 2013 წელს, დიდ ზარ-ზეიმითა და ყვარლის მუნიციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრების თანხლებით გაიხსნა. მეტად დასაფასებელია ქ-ნი ლიას გაწეული ეს შრომა. მან ჩემთან საუბრისას გაიხსენა, რამდენად დარჩა აღტაცებული ყვარლის ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დირექტორი ქ-ნი თამარ ზურიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი მდიდარი ექსპონატებით თავად ყვარლის მუზეუმი არ იყო განებივრებული. სასკოლო ეთნოგრაფიული მუზეუმი ნამდვილად დღესაც თავმომწონეობს საქართველოს კულტურის, ქართული სულის, ხასიათის გამომსახველი ექსპოზიციით: ხის აკვნით, ჭერზე დაკიდული ლობიოს მოსახარში სპილენძის ქვაბით, რომლის ქვეშაც აგურით შემოღობილ წრეში გამურული შეშის ნაჭრები აწყვია ცეცხლის იმიტაციისთვის; კევრით და ურმის ბორბალით, გოდრებით, ცომის საზელი ძველებური ხის ჭურჭლით, ცომის გუნდების დასალაგებელი ფრთებით, მოწნული დაბალი ღობით, მომცრო ქვევრით, ჩონგურით, ძველებური სასწორით, საწნახელით თუ სკივრ-კიდობნით, საათით, თიხის დოქებით, ჩაფითა და კოდით, ჩოხა - ახალუხით, ქართული თეთრი კაბით, უძველესი ჩიხტა - კოპით, შავი ნაბადითა და ქუდებით;  ქართული ორნამენტებით დამშვენებული ფარდაგებითა და მრავალი სხვა ექსპონატით. ამ ოთახში საქართველოს ისტორია იშლება წარსული საუკუნეებიდან საბჭოთა კავშირის ეპოქის ჩათვლით, იმდროინდელი მერხით, სკოლის ფორმით, წითელი ყელსახვევით, პატეფონით, საკერავი მანქანით, გირებიანი სასწორით, ძველი ტელევიზორითა და ლენინის გამოსახულებიანი რუბლებისა და დროშების გამოფენით, ციფერბლატიანი ტელეფონითა და საბეჭდი მანქანით... აქ იმდენი ეპოქაა თავმოყრილი, რომლის აღწერასაც არ ეყოფა მრავალი ფურცელი; ხოლო მუზეუმს ამშვენებს კუთხე „შენი სოფლის ისტორია“, რომლის შინაარსიც გამდიდრებულია ფოტომასალითა და ლიტერატურით. აქ ვხედავთ გავაზელი ინდიკო ბუთიაშვილის წიგნებს ფსევდომნიმით  - თედორე გავაზელი, დიდი ალბომით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ქართველების ფოტოებით და სხვა. რაღა გასაკვირია, რომ სხვადასხვა წელში სასკოლო ეთნოგრაფიულ მუზეუმს დედაქალაქიდან სტუმრობდნენ პროფესორ - მეცნიერები, საქართველო კუთხის სტუმრები, რომლებიც შთაბეჭდილებების წიგნში გადმოსცემდნენ ემოციებსა და განცდებს. ეს სასკოლო ეთნოგრაფიული მუზეუმი სკოლის დიდი ღირსების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, უდიდესი სიახლეა, რომლის მსგავსი არ მეგულება საქართველოს არც ერთ სკოლაში. მუზეუმის ბრწყინვალე კედლები მასპინძლობდა მრავალ სასკოლო ლიტერატურულ ღონისძიებას, თეატრალიზებულ მინი-დადგმებს. მუზეუმზე სკოლის პერსონალები და დირექცია ზრუნავს, ამდიდრებენ კოლექციას“ , - აღნიშნავს პედაგოგი ეკატერინე ავაზაშვილი

სკოლამ არაერთი წარმატებული ადამიანი გაზარდა. ამაში უდიდესი წვლილი პედაგოგებს მიუძღვით.

სკოლის მასწავლებლების მუშაობამ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოავლინა და განავითარა მათი უნარები, შესაძლებლობები.

ასეთი მოსწავლეები არიან ანი ვარადაშვილი და ლილი მინდიაშვილი, რომლებიც შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან. 

„სკოლის წიაღში მრავალი მოსწავლე აღგაფრთოვანებთ ხელოვნებისა და მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებებში სიძლიერითა და საზრიანობით“, - ამბობს პედაგოგი.

ანი ვარადაშვილი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. 2021 წელს ის მონაწილეობდა ლიტერატურულ კონკურსში - „ნუშების თოვლი“ და სიგელით დააჯილდოვა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა. გარდა ამისა, ამ კავშირმა გამოსცა გამარჯვებულ მოსწავლეთა შემოქმედება წიგნად ამავე სახელწოდებით „ნუშების თოვლი“, სადაც შესულია მისი ლექსი „მე უბრალოდ ვწერ სიმწრით ამ ფურცელზე / გულის ტკივილები განა დამელია...“.

ამ ლექსის მთავარი იდეოლოგია, როგორც პედაგოგი გვიყვება, გადის საკუთარი ბაღის ღირსებით შენარჩუნებაზე, რომელიც ფართე გაგებით შეგვიძლია მოვიაზროთ საქართველოს სამოთხედ, ფულზე გაყიდული და გაცვლილი.

„მისი თვალებიდან ზღვა სითბო იღვრება და სანამ თავად დაიწყებს ამაღლებულ გრძნობებზე რითმით საუბარს, მანამდე მისი სიღრმისეული მზერა გაგიტაცებთ იმ სამეფოსკენ, სადაც მხოლოდ უსაზღვრო სიყვარული შემოგევლებათ თავს. სხვაგვარად ემოციურია მისი მცირე პოეტური ნაწერები, უფრო მეტი სიზუსტით კი შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილების“ მიხედვით დაწერილი, რომელიც თავისი შინაარსით ცხადად შეგვახსენებს ნაწარმოების შინაარს. ანის რომანტიკულ ბუნებასა და ლირიკაზე გავლენა მოახდინა უცნობი ქალის წერილმა, აღტაცებაში მოვიდა ერთგული სიყვარულის სიმძლავრითა და სულიერი სიმტკიცით. მისი ჯერაც გაუწრთვნელი პოეტური სული არაერთგზის განიცადებს გავლენას კლასიკური ნაწარმოებებისაგან. ამის დასტურია თუნდაც მისი „სულით ბოროტი“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის ოცდამეერთე საუკუნის ვერსია), მისი პოეტური ამბები სასიყვარულოა, დრამატული და სევდიანი. მისი სიყვარულის ნაღველი შეყვარებული ქალიშვილის ამოძახილია, რომელიც მზად არის თავგანწირვისთვის, სამარის კარამდის ერთგულებისთვის, მარტოობა და „გადაკარგვა“ კი მისი საწუხარია: „... გადავიკარგე, არავინ მეძებს/ მხოლოდ ბნელი ცა, მხოლოდ ჯანღები/ ისე მტკიოდა, მაგრამ მე ვდუმდი, შიგნიდან მჭამდა ჩუმი დარდები...//... გადააფარეს ჩემს სულს თითქოს თეთრი სუდარა/ახლა იქნებ და სადღეგრძელოც ხსოვნისა შესვან/აღარც სიტყვები, აღარც ზარები და თითქოს აღარც გულის ფეთქვაა...“, - ამბობს პედაგოგი.

რაც შეეხება მეორე მოსწავლეს, ლილი მინდიაშვილი, მისი ლექსები ანი ვარადაშვილის ლექსებისგან განსხვავებით, მეტად მძიმეა.


„მეცხრე კლასის მოსწავლე ცხოვრებას უკვე ჭადრაკს ადარებს და მისი „ბავშვური“ ფილოსოფია და „განსწავლულობა“ ამით უკვე ვლინდება. ჭადრაკის სამყაროში მინიატურული სახით ადამიანთა ცხოვრებაა გადმოცებული, მისი გონების ძალა, ხასიათი, შორსმჭვრეტელობა და ლილი ამბობს: „ჭადრაკის დაფა ჩვენი გზა არის, ფიგურები კი ჩვენი სვლა არის/ სანამ წინ წავალთ, უნდა დავფიქრდეთ/ სწორია გზა თუ უკუ სვლა არის...“, - ამბობს მასწავლებელი.

ის ადამიანების სევდაზე საუბრობს და თავის ემოციებს ლექსებით გადმოსცემს.

„თავის ნაწერებში ლილი გახსნილად ამხელს, რომ უკვირთ ადამიანებს მის თვალებში ჩამდგარი სევდის, ნაღველის და საპასუხოდ თავად გამოხატავს გაოცებას იმის გამო, რომ ეს თავად ცხოვრებაა ასეთი, მას აქვს ლხინისა და სევდის ტალღები“... ცხოვრებაა საჩუქრებით, ხანაც ლხინით, ხანაც დარდით/ მაგრამ მე ხომ ვერას ვიზამ, რა ვქნა ცხოვრებაა ძნელი ?!/ ხან ქუჩაში ვხედავ ბავშვებს, მათ არა აქვთ წყალი, პური/ ხან კი უდანაშაულ ბავშვს ეყინება მალე სული/ მტავჯავს უსამართლობა და მტანჯავს ხალხის საქციელი“ ლილი პარტიოტულ მოტივებსაც ეხება, როდესაც ამბობს, რომ „...სურს იბრწყინოს ჩვენმა საქართველომ!“

ლილის ლექსები მძიმეა თავისი აზრობრივი დატვირთვით, დარდით, იმედგაცრუებით, გულგატეხილობით და ყველა უბედურებას ცხოვრებას მიაწერს, თუნდაც იმ ვნებას, „როცა ლოთები გულს აყოლებენ სმას“, ხოლო სათავეში აყენებს ამპარტავნების დამღუპველ გრძნობას“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მოსწავლეებმა  სკოლის დირექციისა და მასწავლებლების მხარდაჭერით, თავიანთი შემოქმედება სასკოლო საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე ლიტერატურული საღამოს სახით  წარადგინეს. 

„სანთლებით დამშვენებულ რომანტიკულ გარემოში მოსწავლეთა შემოქმედება მათმა მეგობრებმა, თანაკლასელებმა, პედაგოგების - სოფო ბეგაშვილისა და ქეთი ქურდაძის ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ, შთამბეჭდავად, საინტერესოდ, შთამაგონებლად აჩვენეს.

ნამდვილი ლიტერატურული საღამო შედგა, სადაც გაიჟღერა ანი ვარადაშვილის დაწერილმა სიმღერებმა“, - ამბობს პედაგოგი ეკატერინე ავაზაშვილი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203