„თუ დაწყებით კლასებში არ მივაქცევთ ყურადღებას, შემდგომ უფრო გაუჭირდებათ“ - დირექტორები კალიგრაფიის მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ
07-11-2023
სუფთა წერის კულტურასა და ლამაზ კალიგრაფიას სკოლებში წლების განმავლობაში დიდი ყურადღება ეთმობოდა. კალიგრაფიაში ქულაც კი იწერებოდა, თუმცა დღეს მოთხოვნები შეიცვალა და წერას ასეთ დიდ ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მთავარი ის არის თუ რას წერს მოსწავლე და არა მისი კალიგრაფია, თუმცა მეორე ნაწილის მოსაზრებით, სუფთა წერა მნიშვნელოვანია. 

რა მდგომარეობაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რამდენად ექცევა ყურადღება მოსწავლეების კალიგრაფიას და აქვს თუ არა მნიშვნელობა წერის მანერას? - აღნიშნული კითხვებით etaloni-ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

სედა ნახაპეტიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის დირექტორი:

სუფთად და ლამაზად წერას, ვფიქრობ, სკოლებში ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. სკოლაში გვაქვს ლიტერატურული კლუბი, სადაც ამასთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებებსა და კონკურსებს ვატარებთ. ვფიქრობ, ასეთი კონკურსები ბავშვებს მოტივაციას აძლევს, რომ წერის კულტურა გაიუმჯობესონ.

დალი ნიჟარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის დირექტორი:

მართალია, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსწავლის შეფასებისას და ზოგადად, კალიგრაფიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. 21-ე საუკუნის ბავშვები მეტწილად ბეჭდავენ, ამიტომ, მთავარია მოსწავლეთა აზროვნება, გადმოცემის უნარი და კრიტიკული აზროვნება.

გელა ჩხიტუნიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი:

შემიძლია დაბეჯითებით მოგახსენოთ, რომ სუფთა წერა სკოლებში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. ბავშვი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს ლამაზად და სუფთად წერას, რადგან თუ ამას დაწყებით კლასებში არ მივაქცევთ ყურადღებას, შემდგომ უფრო გაუჭირდებათ. ჩვენს სკოლაში ამას დიდი ყურადღება ექცევა. დაწყებით კლასებში ვატარებთ კალიგრაფიის კონკურსებს და ვცდილობთ, მოსწავლეები ამით წავახალისოთ. თავადაც ცდილობენ, რომ ლამაზად დაწერონ.

აკაკი დიასამიძე¸ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის დირექტორი:

სუფთა წერას სკოლებში აუცილებლად უნდა ექცეოდეს ყურადღება. ჩვენ სკოლაში ამას მნიშვნელობას ვანიჭებთ. ბავშვებიც მონდომებულები არიან, რომ ასო-ბგერები გასაგებად და ლამაზად მოხაზონ. ვინც კარგად სწავლობს, ის ყველაფერს აქცევს ყურადღებას. სამწუხაროდ, ადრე უნივერსიტეტებში, რომ წერას წამყვანი ადგილი ეკავა ახლა ასე არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუფთა წერა უნდა დავივიწყოთ.

იოსებ მეგრელიძე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი:

კარგი იქნება თუ სუფთა წერა სკოლებში დაბრუნდება და მოსწავლეებში კალიგრაფიას ყურადღება მიექცევა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ, ჩვენს სკოლაში სავალალო მდგომარეობა არაა, მაგრამ არც სახარბიელოა. ვცდილობთ, რომ ეს მდგომარეობა უფრო გამოვასწოროთ. ხშირად ატარებენ ქართული ენის მასწავლებლები კალიგრაფიის კონკურსებს, რათა მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლონ.

ნინო მამაგულიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოხარული ვიქნები თუ წერის კულტურა სკოლებში დაბრუნდება, რადგან ძალიან მიყვარს სუფთად და ლამაზად წერა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოსწავლეთა კალიგრაფიას მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციოთ. სკოლაში ვატარებთ კალიგრაფიის კონკურსებს, სადაც მოსწავლეები ცდილობენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. აღნიშნული კონკურსები მათ მოტივაციას მეტად უმაღლებს. შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყოს ბავშვი, მაგრამ ლამაზად ვერ წერდეს, ამიტომ, ამის გამო ქულის დაკლება ვფიქრობ უსამართლობა იქნება. მთავარია ნაწერში მაინც შინაარსი იკითხებოდეს და მოსწავლის აზროვნება ჩანდეს.

ნაირა მარტიაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, აუცილებელია, სკოლებში სუფთა წერას ყურადღება მიექცეს. თავიდანვე თუ არ მიეჩვია ბავშვი ლამაზად წერას მერე უკვე ძალიან გაუჭირდება და ვერ შეძლებს. ჩვენს სკოლაში ყველა საგნის მასწავლებელი აქცევს ამას ყურადღებას, რომ დავალებები სუფთად და გრამატიკულად სწორად იყოს შესრულებული.

გიორგი რამიშვილი, ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი:

აუცილებელია ბავშვმა წერის ეთიკა, კულტურა დაიცვას. კარგი იქნება თუ სკოლებში სუფთა წერა დაბრუნდება და ამას ყურადღება მიექცევა. მართალია, რომ დაწყებითი კლასების პედაგოგები სუფთა წერას და ლამაზ კალიგრაფიას დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ვფიქრობ, ოფიციალურად უნდა იყოს დაწესებული, რომ რომელიმე კონკრეტულ დღეს ბავშვებს ექნებათ სუფთა წერის გაკვეთილი. ასეთ შემთხვევაში ისინიც მეტად მოინდომებენ და მოტივაცია მიეცემათ. თუმცა, ზოგადად წერის კულტურა დაბალ დონეზეა სკოლებში.


ნანა ნინიაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის დირექტორი:

სუფთა წერაში ქულის დაწერას არ ვემხრობი, მაგრამ მოსწავლე არც ისე უნდა წერდეს, რომ ვერც თავად და ვერც პედაგოგმა ამოიკითხოს ასო-ბგერები. ზოგადად მნიშვნელოვანია გამართული წერა, ლამაზ მოხაზულობას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ბავშვს მსჯელობა შეუძლია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203