„ვისურვებდი, საფეხურეობრივი გამოცდების ჩატარებას სკოლებში“ - მამხუტის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი მოვლუდ მეხრაბოვი
19-10-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი მოსწავლეებს სწავლის მიმართ ინტერესს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილებით უღვივებს. ის მათ სურვილებს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს ყოველთვის ითვალისწინებს და ბავშვებთან მეგობრულ ურთიერთობას მუდამ ინარჩუნებს. მოსწავლეებს ხშირად ურჩევს, იყვნენ მიზანდასახულები და კარგად გაიაზრონ თავიანთი მიზანი. თავადაც მუდამ კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული და ცოდნას იმდიდრებს -  ეუფლება სწავლების მრავალფეროვან მეთოდებსა და მიდგომებს. etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი, მასწავლებლების დაუღალავი შრომითა და მონდომებით გახდებიან უფრო მოტივირებულები და მეტ წარმატებას მიაღწევენ სხვადასხვა მიმართულებით: ოლიმპიადაზე, კონკურსებში, სპორტში. აქტიურად ჩაერთვებიან საგაკვეთილო პროცესებში, წარმატებით ჩააბარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლისთვის წარმატება არის მისი მოსწავლეების წარმატება. მასწავლებელს მოსწავლეებისადმი უნდა ჰქონდეს პოზიტიური და ობიექტური დამოკიდებულება, აბალანსებდეს და განიხილავდეს ცალკეული მოსწავლის საჭიროებას კლასის საჭიროებებთან შესაბამისობაში და სათანადოდ რეაგირებდეს. წარმატებული მასწავლებელი პატივს სცემს საკუთარ საქმიანობას და ეს მის ქმედებაშიც აისახება.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- მოსწავლეების სურვილების, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება და პოზიტიური ურთიერთობა. მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია, ჩართო არაფორმალურ განათლებაში, რათა თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოიყენოს.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იყავით მიზანდასახულები, კარგად გაიაზრეთ, მიზნის მისაღწევად რა არის საჭირო? თუ არ იცი სად მიდიხარ, აღმოჩნდები სადღაც სხვაგან. ცოდნითა და შრომით ააშენეთ თქვენი მომავალი.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- საფეხურეობრივი გამოცდების ჩატარებას სკოლებში. ევროპული სტანდარტის შესაბამისი სასკოლო გარემოს შექმნას (თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, მრავალფეროვანი რესურსები...).

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ასე შემიყვარდებოდა ჩემი პროფესიული საქმიანობა. პედაგოგობა ძალიან საპასუხისმგებლოა, თუმცა, ამას არ შევუშინებივარ და ჯერ კიდევ ბავშვობაში გადავწყვიტე მასწავლებლობა.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მასწავლებელმა იზრუნოს თვითგანვითარებაზე, გაიღრმავოს ცოდნა, განივითაროს უნარები, დაეუფლოს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებსა და მიდგომებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203