დირექტორებმა და პედაგოგებმა საცდელი ტესტირების შედეგები განიხილეს
24-06-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროექტის „შეფასება განვითარებისათვის" ფარგლებში ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის რაიონების სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება 55-ე საჯარო სკოლაში მოეწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ და პროექტის ხელმძღვანელმა ეკა ჯელაძემ პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებთან ერთად საცდელი ტესტირების შედეგები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მიიღეს დეტალური ინფორმაცია ანგარიშის ელექტრონულ პლატფორმასთან და მის სპეციფიკასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პლატფორმის გამოცდის მიზნით ბოლო, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ საჯარო სკოლაში მაისის თვეში ჩატარდა. როგორც ქართულის, ისე მათემატიკის ტესტი საცდელი ტესტირების თითოეულ დღეს 5000-დან 7000-მდე მოსწავლემ შეასრულა. მოსწავლეებმა და მშობლებმა, ასევე მასწავლებლებმა და დირექტორებმა დიაგნოსტიკური შეფასების დეტალური შედეგები სულ ახლახან მიიღეს.

ელექტრონული სისტემისა და, კერძოდ, ანგარიშის მოდულის უკეთ გაცნობის მიზნით შეხვედრების გამართვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროექტში ჩართული სხვა სკოლებისთვისაც გეგმავს.

პროექტის შესახებ: პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და აგრეთვე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე, ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203