გეკუთვნით თუ არა მასწავლებლის წიგნი უფასოდ? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
27-06-2022

მასწავლებლის წიგნი სახელმძღვანელოა, რომელიც მასწავლებელს აძლევს მეთოდური ხასიათის მითითებებს და რომლის დახმარებითაც პედაგოგი სწავლების პროცესს უფრო ეფექტურად წარმართავს.

წიგნი მოიცავს ტიპური აქტივობებისა და გაკვეთილების სცენარების ნიმუშებს და რეკომენდაციებს, ამიტომაც მასწავლებლის მეთოდური სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი დამხმარეა პედაგოგებისთვის.

უკვე რამდენიმე წელია, მოსწავლეებს წიგნები უფასოდ ურიგდებათ. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლებს სახელმძღვანელოები მიეწოდებათ. არის თუ არა მასწავლებლებისთვისაც უფასო მეთოდური სახელმძღვანელოები? ეკუთვნის თუ არა თითოეულ მასწავლებელს საჩუქრად წიგნი თუ მხოლოდ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აქვთ გამოყენების უფლება?

სკოლის ბიბლიოთეკები, სასწავლო წლის დაწყებამდე, მარაგდება როგორც მოსწავლეების სახელმძღვანელოებით, ასევე მასწავლებლის წიგნებით, თუმცა მეთოდური სახელმძღვანელოები პედაგოგებს საჩუქრად არ გადაეცემათ. ხშირ შემთხვევაში, სკოლაში გამომცემლობები მასწავლებლის მეთოდური სახელმძღვანელოების, თითოეული საგნისა და კლასის მიხედვით, ერთ ეგზემპლარს აგზავნიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სკოლაში ერთი საგნის რამდენიმე პედაგოგია, მათ ერთი სახელმძღვანელოთი უნდა ისარგებლონ. რა თქმა უნდა, სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული მასწავლებლის წიგნებით სარგებლობა პედაგოგებს უფასოდ შეუძლიათ, თუმცა როდესაც ერთი წიგნი რამდენიმე პედაგოგისთვისაა განკუთვნილი, ხშირად ეს ფაქტი გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.

თუ პედაგოგებს სურვილი აქვთ, რომ მეთოდური სახელმძღვანელოები პირადად ჰქონდეთ, მათ აღნიშნული წიგნის შეძენა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის წიგნი პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი დამხმარეა. მასში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მიზნები და მოსალოდნელი შედეგები სახელმძღვანელოს თითოეული კომპონენტისათვის (მაგ: თავი, პარაგრაფი, გაკვეთილი და სხვა)

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203