როგორ შეძლებენ გათავისუფლებული პრაქტიკოსი მასწავლებლები სკოლაში დაბრუნებას
04-10-2020

2020-2021 სასწავლო წელი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც საგნის გამოცდაზე არ არიან დარეგისტრირებულები, არცთუ სახარბიელოდ დაიწყო, რადგან მათ სკოლების დატოვება მოუხდათ.

ერთი მხრივ, დიდი უსამართლობაა, როდესაც გამოცდილებისა და სტაჟის მქონე პედაგოგს მხოლოდ იმიტომ ათავისუფლებ, რომ გამოცდა ვერ ჩააბარა, თუმცა მეორე მხრივ -  წლებია სტატუსის ამაღლებაზე საუბარი მიდის, პრაქტიკოს პედაგოგებს, საგნის გამოცდის ჩაბარებისა და კომპეტენციის დადასტურების არაერთი შანსი მიეცათ, ახლა კი ასეთი ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ: ვინც არ დარეგისტრირდა გამოცდაზე, ან ვისაც სავალდებულო აქტივობა გავლილი არ აქვს, მათ ადგილებზე სკოლებმა ვაკანსიები უნდა გამოაცხადონ.

დღეს უმუშევრად დარჩენა კი იოლი სულაც არ არის და სწორედ ამიტომ, Etaloni.ge-მ სცადა გაერკვია, რა ბედი ეწევათ გათავისუფლებულ პედაგოგებს და შეძლებენ თუ არა ისინი სკოლებში დაბრუნებას.

თავის დროზე მასწავლებელთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა მაია კობახიძემ გვითხრა, რომ ამ ხალხთან უნდა შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება და მხოლოდ მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის ჩაბარების შემდეგ ექნებათ სკოლაში დაბრუნების შანსი, ოღონდ 1,4,7, ნაწილობრივი კრედიტქულის მიღების უფლებით, არამედ მათ უნდა გადალახონ დაწესებული ბარიერი; რადგან ეს პედაგოგები უკვე არიან მაძიებლები პროფესიაში შემოსვლის სხვა რეგულაციებით ისარგებლებენ, რათა კვლავ დასაქმდნენ სკოლაში“.

მაგრამ საინტერესოა, რა არის ეს „სხვა რეგულაციები“?

Etaloni.ge-მ გაარკვია, რომ სკოლებმა ვაკანსიები ნამდვილად გამოაცხადეს, თუმცა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, ისიც ცხადი გახდა, რომ ამ სკოლებს ახალი თანამშრომლები არ აუყვანიათ მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ შესაბამისი კადრი არ მოიძებნა; აქედან გამომდინარე, საათები არსებულ კადრებს შორის გადანაწილდა, ან ხელშეკრულება გაუფორმდათ იგივე პრაქტიკოსებს, ოღონდ ახლა - როგორც მაძიებლებს - დიახ, დირექტორს უფლება აქვს, პედაგოგი მაძიებლად დაასაქმოს, მაქსიმუმ ორი წლის ვადით და ამ პერიოდში მას შესაძლებლობა ეძლევა, საგნის გამოცდა ჩააბაროს, გაიაროს 60-კრედიტიანი პროგრამა და სკოლას უფროს მასწავლებლად დაუბრუნდეს.

ასე რომ, არსებული სქემის მიხედვით, კანონში მაინც არსებობს ის პატარა ხვრელი, რომელიც საშუალებას იძლევა რეგულაციის გვერდისავლით, სკოლიდან პრაქტიკოსად გათავისუფლებული მასწავლებლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ და ამ შემთხვევაშიც, ბევრი რამ სწორედ დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203