„სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას“ - მიხეილ ბატიაშვილი
04-09-2019

პარლამენტში დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. 

როგორც მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საუბრისას განაცხადა,  სკოლის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ბიუჯეტი, რომელიც განათლების კუთხით ყოველწლიურად იზრდება, მიმართული იქნება როგორც მასწავლებლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: აშენდა 27 ახალი სკოლა, აქედან 2 თბილისში, 25 რეგიონში. დასრულდა 141 სკოლის რეაბილიტაცია. 884 სკოლას მივეცით ფინანსური რესურსი, რომლითაც თავად იზრუნებს სკოლის საჭიროებებზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება. ჩვენი გათვლებით, რომელიც უკვე დეტალურად შემუშავებული გვაქვს, ყოველწლიური ბიუჯეტის ზრდის პირობებში, სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას. ეს ნიშნავს რომ ჩვენი სკოლები უზრუნველყოფილი იქნება დასავლური სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა იმ ლაბორატორიით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გამოსვლისას.

მან ასევე მანდატურის სამსახურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წლისთვის მანდატურის სამსახური სკოლების 80% დაფარავს.

„2019 წელს დაემატება 130 სკოლა, სადაც უზრუნველვყოფთ მანდატურის სამსახურის ფუნქციონირებას. დღევანდელი მონაცემებით, სკოლების 80% გადაფარული გვექნება, სადაც მანდატურის სამსახური ფუნქციონირებს. ეს მომავალ წელსაც გასაგრძელებელი პროცესია. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელსაც დავამატებთ მანდატურებს დაახლოებით 130 სკოლაში და სკოლების 85% გვექნება გადაფარული. დანარჩენ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახურები არ არის წარმოდგენილი, მოხვდა 550 სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვების უსაფრთხოებასა და მათ გადამზადებაზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ შემოდგომიდან სიახლეები იქნება პროფესიული განათლების მიმართულებითაც. 

„პროფესიული განათლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შემოდგომაზე ამ მიმართულებითაც გვექნება ძალიან ბევრი სიახლე. ჩვენი მიზანი სამ ძირითად კომპონენტზე დგას, პირველი, ეს არის ხელმისაწვდომობა. 27 მუნიციპალიტეტში არის წარმოდგენილი ჩვენი პროფესიული სასწავლებლები, ჩვენ წელს ვამატებთ რვას, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ, რომ ყველა მუნიციპალიტეტი იყოს მოცული“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

პარლამენტმა დღეს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყო, რომელიც 8 სექტემბერს კენჭისყრით დასრულდება. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს განაცხადა, 3 სექტემბერს კი მთავრობის მეთაურობის ახალ კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დასახელდა. პრემიერ-მინისტრის გადადგომით გადაყენებულად ითვლება მინისტრთა კაბინეტი. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა მოუსმინოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, მოისმინოს მათი სტრატეგია და კენჭი უყაროს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203