Me tsiprebi miq’vars - ჰერეთში მცხოვრები ქართველებისთვის ახალი „დედაენა“ დაწერეს 
13-08-2019

ვიდრე ჩვენს ქვეყანაში იაკობ გოგებაშვილისეული დედაენის სკოლებში დაბრუნების დადებით თუ უარყოფით მხარეებზე მსჯელობენ და კომპეტენტური სპეციალისტების მოსაზრებებს განიხილავენ, მეზობელ აზერბაიჯანში, ისტორიულ ჰერეთში მცხოვრები ქართველებისთვის,  ახალ „ქართულ დედაენას“ წერენ. ლათინური ასოებით დაწერილ „სახელმძღვანელოებში“, პატარა ქართველებს, ნუ იტყვით და, ე.წ. ინგილოური ანბანით ნაბეჭდ ილუსტრირებულ წიგნს სთავაზობენ, სადაც მათთვის საყვარელ „ტსიფრებს“, „თ’ბას“ და „მტსურავ ყუხებს“ სულ სხვა, არაქართული იერი აქვთ. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფოტომასალით, სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ ზურაბაშვილი ავრცელებს: 

„ისტორიულ ჰერეთში (საინგილოში) როცა ვიბადებით, პირველ სიტყვას რასაც ვამბობთ, ეს არის სუფთა ქართული სიტყვა „დედა“! როცა გვშია, „პურს“ ვითხოვთ და როცა გვწყურია „წყაროს“ ვეწაფებით... 

როდესაც პირველად გავიგე ტერმინი „ინგილო“, „საინგილო“ და მნიშვნელობით დავინტერესდი, ბევრნაირად ამიხსნეს: „მორჯულებული“, „რჯულშეცვლილი“ „ახლად ჩამოსული“ და ა.შ. ეს ყველაფერი ტერმინის სოციალურ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს, ჩვენს ქართველობას, ქართულ ადათ-წესებს, მითუმეტეს, ქართულ ენას კი ვერაფერს აკლებდა, ვერ ცვლიდა... 

ინგილოური ენა არ არსებობს. ეს არის ძირძველი ქართული, ისეთივე ქართული, როგორიც ფერეიდანში, მესხეთში და ა.შ. მცხოვრებ ქართველებს აქვთ დღემდე შენარჩუნებული. 

გუშინ შემთხვევით ეს გვერდები ვნახე, წიგნის მაგვარი რაღაც გამოუციათ აზერბაიჯანში ინგილოური ენის. სუნთქვა შემეკრა, გული კინაღამ გამიჩერდა… მთელი ღამე არ მიძინია... ტკივილი ვიგრძენი, ტკივილი, რომელიც მრავალჯერ მიგრძნია, მაგრამ ასეთი ტკივილი არასოდეს, - შოთა რუსთაველის, იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძის ენა ინგილოურ ენად აქციეს, ულამაზესი ქართული ანბანი არაფრად ჩათვალეს და ლათინური ანბანით წიგნის მსგავსი რაღაც დაწერეს, ეს არ არის ჩემთვის წიგნი, წიგნს ვერ ვუწოდებ! 

ძალიან მაინტერესებს, როგორ ჩაწერეს სიტყვები, ძირძველი ქართული სიტყვები, - "ჴ(ხ)ელი" "ჴ(ხ)არი" "ჴ(ხ)მელი"... "ც"-ს მაგივრად ts-უწერიათ... " ყ"-ს მაგივრად 'q'... ეს ასოები გამორიცხულია, ვერ გამოხატავს ქართული ყ-ს, ც-ს, წ-ს, ჭ-ს, ძ-ს სილამაზეს, საშინელებაა... 

ამ დროს კი, საქართველოში ვისაც ეს საკითხი ეხება, ისევე ჩუმად არიან, როგორ ჩუმადაც იყვნენ, როცა ჰერეთი აზერბაიჯანს, ტაო-კლარჯეთი თურქეთს, ლორე სომხეთს აჩუქეს, ისევე ჩუმად არიან, - როგორც დავით გარეჯის ამბებზე! სირაქლემას პოზა კარგად გამოსდით, ჩარგავენ თავს მიწაში და... 

დაბოლოს „სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო“, რაში ადარდებთ სადღაც საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველები მაშინ, როცა საზღვრებს შიგნით მყოფებსაც არაფრად აგდებენ... მერე კი უკვირთ, რა სჭირს საქართველოს, რა სჭირთ ქართველებს. ვუყურებ ამ სურათებს და ვერ ვსუნთქავ, - წერს მარიამ ზურაბაშვილი. 

კითხვით, აქვთ თუ არა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით და რა ღონისძიებების გატარებას გეგმავენ, etaloni.ge საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ უწყებაში ფაქტის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა, ინფორმაცია დეპარტამენტს განსახილველად გადასცეს. 

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ალი ბაბაევი კი, ფაქტს პროვოკაციად აფასებს და თვლის, რომ ვიღაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის კიდევ ერთხელ გამწვავებას ცდილობს. თუმცა, როგორც ბაბაევი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებში გაარკვევს.  

„მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი აგორებული ჭორია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების საწინააღმდეგოდ. ასე რომ იყოს, მეცოდინებოდა. მე მყავს ისეთი წრე აზერბაიჯანში, რომლებიც ან შეგვეკითხებოდნენ, ან გავიგებდით როგორღაც მათგან. მე მაინც აუცილებლად დავუკავშირდები აზერბაიჯანის ცნობილ სახეებს, მეცნიერებს და გავარკვევ ყველაფერს, - აცხადებს ბაბაევი. 

Etaloni.ge საკითხის ირგვლივ დამატებითი დეტალების გარკვევის შემთხვევაში, ინფორმაციას მოგაწვდით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203