მანდატურებისთვის გადამზადების დისტანციური კურსი შეიქმნა
07-08-2019

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს-ს აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, მოქმედი მანდატურებისთვის გადამზადების სპეციალური დისტანციური კურსი შეიქმნა.

მანდატურის სამსახურის ცნობით, 1-ლი ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული სატრენინგო პორტალით 350 მოქმედი მანდატური გადამზადდა. ელექტრონული პრეზენტაციებისა და ნარატიული მასალის შესწავლის შემდგომ, მანდატურებმა შსს-ს აკადემიაში ტესტირება გაიარეს.

ტესტირებას მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე დაესწრო. აკადემიაში ის მანდატურობის კანდიდატებსაც შეხვდა, რომლებიც ამჟამად მოსამზადებელ კურსს გადიან და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მანდატურის სამსახურში მიმდინარე რეფორმის თანახმად, მანდატურობის კანდიდატთა მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა 3 კვირიდან 2 თვემდე გაიზარდა. უსაფრთხოების ახალი წესის შესაბამისად, შემუშავდა სასწავლო მოდულები და გაფართოვდა კურსის თემატიკა. განახლებული კურსის ფარგლებში, მანდატურობის კანდიდატები სწავლობენ ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, კონფლიქტების მართვას და ეცნობიან სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალურ ინსტრუქტაჟს.

2021 წლის ბოლომდე, შსს-ს აკადემიაში გადამზადდება ყველა ის მოქმედი - 1 300 მანდატური, რომელსაც არ გაუვლია ახალი სასწავლო მოდული. გადამზადებას ისინი დისტანციური ელექტრონული პორტალის მეშვეობით გაივლიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203