ოკუპირებული აფხაზეთიდან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული 170 აბიტურიენტი სახელმწიფო გრანტს მიიღებს
24-07-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ოკუპირებული აფხაზეთიდან დარეგისტრირებული 170 აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტს მიიღებს.

როგორც ირინა აბულაძემ განმარტა, გრანტს მიიღებს ენგურის ხიდს მიღმა მცხოვრები ყველა აბიტურიენტი, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა.

„წელს არიან აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში ნაწილობრივ მიიღეს მონაწილეობა და ისინი, ვინც სრულად მონაწილეობდნენ გამოცდებში. ვფიქრობთ, რომ გარკვეული სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც წლევანდელს ეხება, შევიტანოთ ცვლილება „​უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და ყველა ის აბიტურიენტი, რომელიც დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გამოხატა სურვილი, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს, ისინი ჩაირიცხებიან მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში მიუხედავად იმისა, რამდენი გამოცდა ჩააბარეს ან რა შედეგებს დააფიქსირებენ. აბიტურიენტების ჩარიცხვის პირობა იქნება, რომ მათ დაასრულონ პირველი აკადემიური წელი 60 კრედიტით, რადგან ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთის მხრივ, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მათ უმაღლეს განათლებას, თუმცა მეორეს მხრივ, აუცილებელია, ისინი ჩაერთონ აკადემიურ პროცესში და მოახდინონ მათი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება. თითოეული აბიტურიენტი მიიღებს სახელმწიფო გრანტს“,- განაცხადა ირინა აბულაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, წელს საერთო ჯამში ე.წ. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 170 აბიტურიენტი დაფინანსდება.

„აღსანიშნავია, რომ წელს დაახლოებით 170 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული და მათმა ნაწილმა ან ნაწილობრივ ჩააბარა გამოცდა ან არ/ვერ გადმოვიდა. ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ამ აბიტურიენტების დაფინანსება 4-წლიანია. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი სასწავლო წლის განმავლობაში ვერ დააგროვებს 60 კრედიტს, ის ვერ ჩაირიცხება უმაღლესში. ანუ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კანონში შედის ცვლილება პირობითი ჩარიცხვის შესახებ და იმისთვის, რომ სწავლა განაგრძონ ოკუპირებული ტერიტორიების სტუდენტებმა, ისინი გაივლიან იმ შეფასებებს, რომლებიც დადგენილია უნივერსიტეტის შიგნით“,- განაცხადა ირინა აბულაძემ.

ასევე იხილეთ: 2020 წლიდან აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლესებში შიდა გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხებიან

ენგურის ხიდზე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უმაღლესებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203