„სკოლაში ნახევარი საათით ადრე მივდიოდი, რომ თამაში არავის დაესწრო“- სკოლის დირექტორები საყვარელ თამაშებს იხსენებენ
26-07-2018
გიფიქრიათ თქვენი სკოლის დირექტორის ბავშვობაზე, რომელი თამაში უყვარდა და რითი ერთობოდა?


Etaloni.ge დაინტერესდა, თუ რა იყო დირექტორების საყვარელი გასართობი. სკოლის წარმატებული მენეჯერები ბავშვობის მოგონებებს აცოცხლებენ:

მუქედის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი კორძაძე:


„ჩვენ დროს ინტერნეტი არ იყო და დღევანდელი მოსწავლეებისგან განსხვავებულად ვერთობოდით. მეგობრებთან ერთად დროშობანას, კლასობანასა და დამალობანას ვთამაშობდი.“ 

ორბეთის საჯარო სკოლის დირექტორი რომან ქავთარაძე:

„ჟრიამულით სავსე ბავშვობა გვქონდა. ვთამაშობდით ფეხბურთს, ვაწყობდით ველოსიპედებით რბოლას, თოვლის დროს ვციგაობდით. რა გითხრათ, ბევრია მოსაგონებელი.“ 

ალექსეევკის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მარგველანი: 

„ბავშვობის საყვარელი თამაში კლასობანა და წრეში ბურთი იყო. იშვიათად სახლობანასა და მასწავლებლობანასაც ვთამაშობდი.“

ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ნოზაძე:

„ძალიან მიყვარდა დროშობანასა და ხუთკენჭას თამაში, მრგვალი ქვები უნდა დაგვეწყო მიწაზე და სანამ ერთს ავაგდებდით მეორეს აღება უნდა მოგვესწრო. ჩვენ დროს რეზინობანა და კლასობანა აქტუალური იყო, სკოლის ეზოში ყველას ჩვენ ადგილი გვქონდა მოხაზული, ნახევარი საათით ადრე მივდიოდი, რომ თამაში არავის დაესწრო.“  

ძულუხის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხურციძე:

„ფეხბურთი განსაკუთრებით მიყვარდა, ხშირად ვიკრიბებოდით ბიჭები სათამაშოდ. ასევე, ჭიდაობაც მიტაცებდა.“

ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზა ტყეშელაშვილი:

„საყვარელი თამაში მასწავლებლობანა იყო. შემოვიკრებდი მეგობრებს ირგვლივ და გაკვეთილს ვატარებდი. ასევე ხშირად ვთამაშობდით დედაშვილობანას, რეზინობანას, ორდროშობანასა და დამალობანას.“

გვარას საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ გოგმაჩიძე:

„ბავშვობაშიც და დღესაც ჩემი საყვარელი თამაში ფეხბურთია. რეალის დიდი გულშემატკივარი ვარ.“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203