ივანდიდის საჯარო სკოლის ეზოში მე-6 კლასის მოსწავლის - გიორგი თუთისანის ნახატების გამოფენა მოეწყო
29-04-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობენ.

ამჯერად, სკოლის ეზოში, მე-6 კლასის მოსწავლის გიორგი თუთისანის ნახატების გამოფენა მოეწყო.

„დღეს სკოლის ეზო საოცრად ლამაზი და უჩვეულო გახლდათ. დილიდანვე, მე-6 კლასის მოსწავლის გიორგი თუთისანის ნახატების გამოფენით დამშვენებული სივრცე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევდა ეხილა ქართველი მწერლებისა თუ პოეტების პორტრეტები“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილების დასასრულს კი, ეზოში, კლასის დამრიგებლის - თამარ ჯიშკარიანის ინიციატივითა და მოსწავლის თანაკლასელების მონაწილეობით სიურპრიზი მოეწყო.

როგორც გვიყვებიან, მოსწავლის სიყვარულით შექმნილი თითოეული მწერლისა თუ პოეტის პორტრეტების დათვალიერებისას ქართული ჰანგების ფონზე მე-6 კლასელებმა წაიკითხეს საყვარელი პოეტების ლექსები.

„სკოლის დირექციის, კლასის ხელმძღვანელისა და თანაკლასელების მხარდაჭერით გამართული  ღონისძიება გიორგისათვის იქნება მეგობრობის, თანადგომისა და ურთიერთპატივისცემის გამოვლინების ყველაზე დიდი მაგალითი“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ გიორგი თუთისანი სამხატვრო სკოლის მოსწავლეცაა და ძალიან ბევრი, სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევარი აქვს.

სასკოლო საზოგადოება მას შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203