მოერიდეთ შაბლონების, ტრაფარეტების და სხვა სახის პარალელების გამოყენებას- რეკომენდაციები აბიტურიენტებს
21-04-2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს. როგორ უნდა იმუშაონ ტესტზე აპლიკანტებმა და რას უნდა მიაქციონ ყურადღება:

  • ყურადღებით გაეცანით თითოეული დავალების პირობას და ზედმიწევნით შეასრულეთ მითითებები.
  • რედაქტირების დავალების შესრულებისას, ჯერ თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ტექსტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება. 
  • ტესტში შემოთავაზებულ ნაწარმოებთა არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი – თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველი უნდა იყოს როგორც თავად ტექსტი, ისე ის პრობლემა, რომელიც მას გასაანალიზებლად ახლავს. 
  • წაკითხულის გააზრების დავალებების შესრულებისას ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ტექსტი, რათა გაიაზროთ მისი მთავარი სათქმელი და ავტორის მიზანდასახულობა; ამის შემდეგ გაეცანით შეკითხვებსა და ასარჩევ პასუხებს, დაუბრუნდით ტექსტს და დაკვირვებით გაიაზრეთ ის კონკრეტული მონაკვეთი, რომელსაც ესა თუ ის შეკითხვა ეხება.
  • გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ საფუძვლიანად შეისწავლოთ და ღრმად გაიაზროთ საპროგრამო ნაწარმოებები. უნდა შეგეძლოთ საპროგრამო ტექსტების ანალიზი, მათში წამოჭრილი პრობლემატიკის გამოკვეთა და საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო ტექსტების სათანადოდ გააზრებასა და სიღრმისეულ ანალიზს.
  • გირჩევთ, წერით დავალებაში მაქსიმალურად ერიდოთ შაბლონებისა და ტრაფარეტების, ლიტერატურული, ისტორიული და სხვა სახის პარალელების თვითმიზნურად გამოყენებას. პარალელები, რომლებიც ორგანულად არ დაუკავშირდება განსახილველ საკითხს, შეფასების დროს გათვალისწინებული არ იქნება.
  • გაითვალისწინეთ, წერითი დავალება ენობრივი თვალსაზრისით არ შეფასდება, თუ ნაშრომი 150 სიტყვაზე ნაკლები იქნება. 

2024 წლის საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:

  1. ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა – 16); 
  2. წაკითხულის გააზრების შესამოწმებელი 10 არჩევითპასუხებიანი დავალება (მაქსიმალური ქულა – 10);
  3. წერითი დავალება (მაქსიმალური ქულა – 34). 

ტესტის მაქსიმალური ქულაა  60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203