„დავაჯილდოვებთ წარმატებულ პედაგოგებს“ - სკოლის დირექტორები საახალწლო სამზადისსა და სურვილებზე საუბრობენ
14-12-2022

ახლოვდება ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაული, ეს დღე განსაკუთრებით სასიხარულოა ბავშვებისთვის, მათი განწყობის ასამაღლებლად სკოლებში აქტიურად იგეგმება სხვადსხვა სახის ღონისძიება,  რაშიც დიდი მონდომებით არიან ჩართულები მოსწავლეები. წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით etaloni.ge გაესაუბრა სკოლის დირექტორებს - როგორი განწყობა სუფევს სკოლაში, რა გეგმები აქვთ ახალ წელთან დაკავშირებით და რას ისურვებდნენ 2023 წლისთვის.

მერაბ დევაძე, ქედის მუნიციპალიტეტის, აგარის საჯარო სკოლის დირექტორი:

წინსაახალწლოდ ვგეგმავთ ღონისძიებას, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეები და პედაგოგები, აუცილებლად დავარიგებთ საახალწლო საჩუქრებს და დავაჯილდოვებთ წარმატებულ პედაგოგებს. 2023 წელს დიდი მოლოდინი გვაქვს, იმედია, იმედია ეს წელი იქნება გაცილებით კარგი... მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კი ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებებს ჩვენს საერთო საქმეში.

თემურ თურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ზემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

საახალწლო კარნავალს ვგეგმავთ, ლიტერატურული სალონის მსგავსს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები მე-5-დან მე-12 კლასის. ჩავატარებთ სხვადსხვა სახის აქტივობებს და შეჯიბრებას, ბავშვები წაიკითხავენ ლექსებს, შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს... საახალწლო კარნავალითვის უკვე ვემზადებით და მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ჩემს ბავშვებსა და კოლეგებს, ვსურვებ გაორმაგებული შემართებას, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის... ულევ სიხარულს, ჯანმრთელობას, კარგ სწავლასა და წარმატებებს, პედაგოგებს კი, კარიერულ წინსვლას... აღსანიშნავია ისიც, რომ აქტიურად ვმუშაობთ სხვადსხვა სასკოლო კლუბის გაძლიერებაზე არაერთი მიმართულებით.

ირმა ხარაზიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის, ბრეძის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვაპირებთ, საახალწლოდ კარნავალი მოვაწყოთ, სადაც ყველა საფეხურის მოსწავლე  მიიღებს მონაწილეობას, იქნება სხვადასხვა აქტივობა და ვიმედოვნებთ, რომ სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვან, საინტერესო სანახაობას შევთავაზებთ.
იცით, ჩვენს სკოლაში უკვე იგრძნობა საახალწლო განწყობა, მოსწავლეებმა გააფორმეს სკოლა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებით და მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერში აქტიურად არის ჩართული ხელოვნების მასწავლებელი. გარდა ამისა,  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ატარებს საინტერესო პროქტს, წიგნიერების ამაღლების მიმართულებით, მე კი, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ვისურვებდი მშვიდობიან  და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, მინდა, მომავალი წელი იყოს უფრო ნაყოფიერი და წარმატებული.

გურამ დუმბაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის დირექტორი:

საახალწლო ღონისძიებებს უკვე ვგეგმავთ, გვექნება საინტერესო აქტივობებიც, რომელშიც ძირითადად  დაბალი კლასის მოსწავლეები ჩაერთვებიან. 2023 წელს, ვისურვებდით, სწავლა-განათლების გაუმჯობესებას და მშვიდობას. ჩვენი მხრივ კი, მომავალი წლისთვის ვგეგმავთ მასწავლებლების გადამზადებას, სხვადსხვა ტრენინგის ჩატარებას და სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

მაგდანი ლაცაბიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის, ზველის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენს სკოლაშიც იგეგმება სასკოლო ღონისძიება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ყველა კლასის მოსწავლე და მასწავლებლები. მე კი, ჩემი მხრიდან, სკოლას ვუსურვებ წარმატებას, წინსვლას და რაც მთავარია, აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203