გამარჯვების ასრულებული სურვილი - რუსთავის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
28-02-2020

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, რუსთავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ღონისძიებას ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

2018-2019 სასწავლო წლის „რუსთავის ეტალონი მოსწავლე“ ლუკა ტალახაძე ახალი სეზონის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

„ეტალონი“ არის გრანდიოზული პროექტი, რომელიც მოსწავლის განვითარებას და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას უწყობს ხელს. შარშან ფინალში მონაწილეობა ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ ვერ გავხდი, ამაყი ვარ, რომ რუსთავის „ეტალონი მოსწავლე“ ვარ. თუ მომეცა შესაძლებლობა შემდეგ წლებშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ყველა მოსწავლეს მინდა ვუთხრა, რომ ჩაერთონ პროექტში და მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები, უფრო მეტი ისწავლონ, რათა განვითარდნენ და უფრო დიდი ადამიანები გახდნენ“.

„რუსთავის ეტალონი მოსწავლე“ მარი გოგრიჭიანისთვის „ეტალონში“ გამარჯვება ასრულებულ სურვილად იქცა:

„გამარჯვებას დიდი ხანია ველოდი, წინა წლებშიც ვიღებდი მონაწილეობას „ეტალონში“, თუმცა შარშან მეორე ადგილზე გავედი. დღეს ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ფინალში აუცილებლად ვეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინო.“

მეორე ადგილოსანი ელენე ხელაძე მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის გამოსაცდელად „ეტალონში“ მონაწილეობისკენ მოუწოდებს:

„ძალიან გამიხარდა ჩემი სახელი და გვარის გაგონება. შემდეგ წელს მე-12 კლასში გადავდივარ, ამიტომ მონაწილეობას ვეღარ მივიღებ, თუმცა პროექტს მუდმივად თვალს ვადევნებ. მინდა მოვუწოდო ყველა ბავშვს, რომ აუცილებლად ჩაერთნონ „ეტალონში“ და გამოსცადონ თავიანთი ცოდნა“.


რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი etaloni.ge-ს, izrune.ge-სა და პროექტ „ეტალონის“ მნიშვნელოვნებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ელენე ხელაძე ჩვენი სკოლის მე-11 კლასის უნიჭიერესი, მონდომებული, პასუხისმგებლიანი მოსწავლეა. ძალიან მიხარია, რომ „ეტალონი“ ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, გამოავლინონ თავიანთი ცოდნა. დღეს ელენემ თავისი წარმატებით ძალიან გამახარა. მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას და მთელს გუნდს ასეთი კარგი პროექტისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა აქტიურად აქვეყნებს სიახლეებს etaloni.ge-ზე და ჩართულნი ვართ izrune.ge-ში. ორივე საიტი ძალიან საინტერესოა და რაც მთავარია საჭირო, როგორც სკოლისთვის, ასევე მშობლისა და მოსწავლისთვის. მოუთმენლად ველით დაგეგმილ სიახლეებს. გამარჯვებულს წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ, როგორც ფინალში, ასევე ცხოვრებაში“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203