მედანის თემის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები გაიმართა
26-04-2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლაში თარიღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დიდი ყურადღება მიექცა ისეთ გლობალურ საკითხებს, როგორიცაა გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, დედამიწის დღე, გონივრული მოხმარება და ნარჩენების მართვა.

სწორედ ამიტომ, საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგების ინიციატივით, სკოლაში აქტივობები - „დავრგოთ ხეები-დედამიწის ფილტვები“ „ნუ დავანაგვიანებთ დედამიწას"; „შევამციროთ პოლიეთილენის პარკების მოხმარება“; „პლასტმასის ბოთლების ახალი სიცოცხლე“ და „ყოველი დღე დედამიწის დღეა“ დაიგეგმა და განხორციელდა. ხელმძღვანელები პედაგოგები - ირმა ჩალიგავა და ლუარა წახნაკია იყვნენ.

აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები სკოლის ეზოს დასუფთავებისა და გამწვანების სამუშაოებში მონდომებით ჩაერთნენ. გარდა ამისა, მოეწყო თემატური ნახატების გამოფენა და გარემოს დამბინძურებელი ფაქტორებით გამოწვეული გლობალური პრობლემების შესახებ, დოკუმენტური ფილმების ჩვენება. 

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მრავალჯერადი მოხმარების ნაჭრის ჩანთები დაურიგეს და პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირებისკენ მოუწოდეს. ასევე, პლასტმასის ბოთლებისგან ყვავილის ქოთნები დაამზადეს.

„კვირეულის შეჯამება-პრეზენტაციისას მთავარი ყურადღება გავამახვილეთ 2024 წლის მთავარ თემაზე - „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“, რაც პლასტმასის ნარჩენების შემცირებასა და საზოგადოებაში პლასტმასით დაბინძურების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203