„ბაზარი და ფასი“ - დამიის საჯარო სკოლის მე-7 კლასელები ყიდვა-გაყიდვა-მომსახურების პროცესს პრაქტიკული აქტივობით გაეცნენ 
25-04-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესს საინტერესოდ და სახალისოდ წარმართავენ და ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობები.

გაკვეთილი სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - რუზანნა სარკისიანმა მე-7 კლასში ჩაატარა და მისი თემა კი - „ბაზარი და ფასი“ გახლდათ. 

მოსწავლეებმა განიხილეს და დაამუშავეს ყველა საკითხი, რომლის პრაქტიკაში განხორციელებაც უწევდათ და გაწერეს სამოქმედო გეგმა. მშობლების ჩართულობითა და დახმარებით სახლში მოამზადეს სხვადასხვა სახეობის ტკბილეული, გამოთვალეს პროდუქტების საბაზრო ღირებულება და დანახარჯი. 

„ბავშვებმა მომზადებული პროდუქცია მოიტანეს სკოლაში და მათი რეალიზება შეძლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ რა არის ფასი, ღირებულება, ყიდვა,  გაყიდვა, მომსახურება, ეპოვათ კავშირი მათ შორის, პრაქტიკულად განეხორციელებინათ ყიდვა-გაყიდვა-მომსახურების პროცესები, შესძლებოდათ პროდუქციის რეალიზების შედეგად აღებული თანხების მიზნობრივი მართვა-გამოყენება.

ტკბილეულის რეალიზების შედეგად შემოსული თანხით მეშვიდეკლასელები გეგმავენ იყიდონ წიწვოვანი მარადმწვანე მცენარეები და დედამიწის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისას გაამწვანონ სკოლის ეზო.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203