როგორია KIU-ს წარმატებული სტუდენტის და  ახალგაზრდა მკვლევარის წარმატების ისტორია -  გაიცანით ცოტნე მიქაძე
11-04-2024

ცოტნე მიქაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მეოთხე კურსის სტუდენტია. ის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული და ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის ორგზის ფინალისტია. მიღწეული წარმატებების გამო ცოტნემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლისა და კამპუსის სრული დაფინანსება, ასევე ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა.

ამბობს, რომ პროფესიის არჩევისას მისი მოტივატორი  ძმა იყო, რომელმაც კომპიუტერული მეცნიერების სფეროში ჩაახედა და შემდეგაც არაერთხელ დაეხმარა სწავლისა და კარიერის დაგეგმვისას.

რატომ აირჩია KIU? - „არჩევანის გაკეთებისას  ჩავთვალე, რომ კიუ ინოვაციური და მომავლის უნივერისტეტი იყო“, ამბობს ცოტნე. 

KIU-ში  ჩაბარების შემდეგ ის DAAD-ის მიერ შერჩეულ სტუდენტებს შორის მოხვდა და  ორი კვირა  მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) გაატარა. TUM-ში მას საშუალება მიეცა ინოვაციებისა და კვლევების მიმართულებით ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება მიეღო და მისთვის საინტერესო ლექციებს დასწრებოდა. 

KIU-ში სწავლის პერიოდში ცოტნემ არაერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და წარმატებას მიაღწია: იგი არის KIU Visual Math Fest 2021-ის გამარჯვებული, ევროკავშირის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (EUCYS) - ფინალისტი,  2022 და 2023 წელს საერთაშორისო კონფერენციის - „გამოთვლადობა ევროპაში (CiE) მონაწილე და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი მოხალისე სტუდენტის სახით, ასევე გახლავთ KIU-ს საუნივერსიტეტო კონფერენციის მონაწილე. 

თუმცა ყველაზე დიდ წარმატებად ცოტნე სტუდენტ-ასისტენტობის გამოცდილებას ასახელებს: „სტუდენტ-ასისტენტობამ საკამოდ დიდი გამოცდილება მომცა როგორც პროფესიულ, ისე ურთიერთობების მხრივ. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი აკადემიურ სფეროში და შესაბამისად მნიშვნელოვანი გამოწვევაც. ასევე გამოვყოფდი დამოუკიდებელი ცხოვრების თავისებურებას, რაც KIU-ში ვისწავლე და აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობის გამოცდილებას. დიდი წარმატებაა აქ მოპოვებული ურთიერთობებიც, გავიცანი ხალხი რომლებთან ერთადაც მომავალში დიდ საქმეებს გავაკეთებ“. 

ის ასევე არის კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის მოწვეული პროფესორის, ჰელმუტ ზაიდლისა და ამავე სკოლის ასოცირებული პროფესორის, ბესიკ დუნდუას საგრანტო პროექტში „ლოგიკა - როგორც პროგრამირების ენა“ მკვლევარ ასისტენტი. 

მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ცოტნემ KIU-ს დახმარებით მიიღო, სტაჟირებაა გერმანიაში. მან 2023 წლის ზაფხულში სტაჟირება გაიარა Forschungszentrum Jülich ევროპის ერთერთ ყველაზე დიდ კვლევით ცენტრში მანქანური სწავლების და deep learning-ის მიმართულებით. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაღალი ხარისხის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, სტუდენტებს ასევე სთავაზობს ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს. უნივერსიტეტი მოიცავს საზიარო სამუშაო სივრცეებს, სავარჯიშო დარბაზს, კინოოთახებს, სამაგიდო თამაშებით აღჭურვილ ოთახებს, რაც საშუალებას აძლევთ სტუდენტებს თავისუფალი დრო სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარონ თანატოლებთან ერთად.

რა არის KIU მისთვის? „KIU არის ადგილი, სადაც სტუდენტობის გამორჩეული წლები გავიარე და მივიღე დიდი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება“.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203