მასწავლებლების ახალი სახელფასო ფორმულიდან გამომდინარე, დანამატი 8 ლარით გაიზრდება - რომელი სკოლების პედაგოგებზე ვრცელდება კანონი
30-03-2024
მაღალმთიანი დასახლების სკოლებში დასაქმებული მასწავლებლები, სრული საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში, 150-ლარიან დანამატს მიიღებენ - აღნიშნულ ცვლილებას მთიანი რეგიონების განვითრების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც განათლების კომიტეტმა, პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ 2024 წლის 1-ელი ივლისიდან, მასწავლებლებისთვის ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა. შესაბამისად, ცვლილება უნდა შეეხოს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონსაც.

„მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს დანამატის მიცემას, რომელიც სრული დატვირთვის შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად“, - აღნიშნულია კანონპროექტში; სადაც ასევე წერია, რომ აქამდე დანამატი 142 ლარს შეადგენდა, 1-ელი ივლისიდან კი მაღლმთიანი დასახლებაშე მდებარე სკოლების პედაგოგები, სახელმწიფო უზრუნველყოფის დანამატის (მაღალმთიანის დანამატი) სახით, 8 ლარით მომატებულ თანხას მიიღებენ:

„საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის დანამატის სახით მიცემა, გულისხმობდა სრული დატვირთვის შემთხვევაში, მასწავლებელზე 142 ლარიანი დანამატის გაცემას. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც აღარ ითვალისწინებს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ცნებას, შესაბამისად ცვლილება შედის კანონში და დანამატის ოდენობა განისაზღვრება ფიქსირებული ოდენობის სახით, რომელიც შეადგენს 150 ლარს“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203