„სკოლამ უკეთ იცის მისი მოსწავლე რას წარმოადგენს და რა შესაძლებლობები აქვს“ - სკოლის როლის  გაზრდაზე დირექტორები საუბრობენ 
16-11-2023

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო და როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გელა გელაძემ განაცხადა, ახალი მოდელის მიხედვით, რომელიც სავარაუდოდ 2027 წლიდან დაინერგება განსაკუთრებული ყურადღება სკოლებს მიექცევა.  

„ეროვნული გამოცდების მოდელი იცვლება“ - დეტალებზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა

საინტერესოა, თუ როგორ აფასებენ სკოლის დირექტორები სამინისტროს გადაწყვეტილებას, როგორ წარმოუდგენიათ ახალი მოდელი და შეცვლის თუ არა ეს გადაწყვეტილება სწავლის ხარისხს სკოლებში.

მზევინარ დემეტრაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ვფიქრობ, 12 კლასი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დროის ფუჭად კარგვაა. საგნის სწავლებას გაცილებით უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს, არ ვამბობ, რომ ახლა არ კეთდება ამაზე აქცენტი, თუმცა სისტემის გამო მოსწავლე და მასწავლებელი დაშორებულია ერთმანეთს. რატომ სჭირდებათ ამდენი რეპეტიტორი მოსწავლეებს? - ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია გაძლიერდეს საგნების სწავლება ნებისმიერ საფეხურზე, რათა მოსწავლემ მაქსიმალური ცოდნა წაიღოს სკოლიდან.

სკოლის როლის გაზრდა, არამარტო პრესტიჟზე იმოქმედებს, არამედ გაზრდის სწავლების ხარისხს. ახლა, მე-10 კლასიდან მოსწავლეები აღარ დადიან სკოლაში, ამას ჩემი შვილის გამოცდილებით ვამბობ, ეს პრობლემა მწვავედ დგას სასკოლო ცხოვრებაში. მესმის ახალი მიდგომები, მივესალმები მათ, მაგრამ ამან საგანს დააშორა მოსწავლეები, ძირითადი ნაწილი, რასაც მოსწავლე უნდა სწავლობდეს უკანა პლანზეა გადაწეული. მოსწავლეები ვერ იღებენ ზოგად განათლებას, სკოლა აბსოლუტურად საკმარისი უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დასაძლევად, თან საკმაოდ მაღალი შედეგებით. განათლების სისტემა, თავისი რეფორმებით არის ჩიხში, ახალი მიდგომებით, მასწავლებლებსაც შეგვაძულეს ჩვენი პროფესია, ამას სრული პასუხისმგებლობით, ხმამაღლა ვაცხადებ!

მურმან ზაქარაძე, თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის, ხარაულის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ნამდვილად მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ფაქტია, რომ ცვლილებები საჭიროა. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სკოლაში დაბრუნდეს საატესტატო გამოცდები. მიჭირს ვისაუბრო რა კუთხით შეიძლება შეიცვალოს მისაღები გამოცდები ან, როგორ გაიზრდება სკოლის, როლი, თუმცა იმედია სკოლის რეკომენდაციით არ მოხდება სტუდენტების ჩარიცხვა, თუნდაც იმის გამო, რომ არაობიექტური და არათანაბარი პირობები ექნებათ აბიტურიენტებს. ვფიქრობ, თუ სწორი კუთხით წავა ცვლილებები, მოსწავლეებს რეპეტიტორებიც აღარ დასჭირდებათ, მართალია ჩვენი სკოლა მაღალმთიანი სოფელშია, ისეც ცოტა მოსწავლეა კლასში და ნაკლებად დგას ეს პრობლემა, ვიდრე ქალაქის სკოლებში, თუმცა ფაქტია, რომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსწავლეების დამატებით მომზადება.

მაია ბარჯაძე, როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის, მორძგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი: 

სკოლის როლის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, მგონია, რომ საკმაოდ რთული იქნება, თუმცა შედეგიანი. გამოცდები აუცილებლად უნდა დარჩეს, სკოლამ უკეთ იცის მისი მოსწავლე რას წარმოადგენს და რა შესაძლებლობები აქვს, თუმცა თუ სკოლის სიტყვა იქნება გადამწყვეტი, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მოსწავლე ობიექტურად შეფასდება.

ბადრი ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის, ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის დირექტორი: 

წინასწარ გამიჭირდება განვსაზღვრო რა ტიპის ცვლილება იქნება, თუმცა ის ფაქტი, რომ სკოლის როლი გაიზრდება, რასაკვირველია მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლების სკოლებში ნაკლებად, თუმცა ზოგადად, რეპეტიტორებთან მომზადება სჭირდებათ მოსწავლეებს, ეს სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო განათლება არ არის საკმარისი, ამისთვის ცალკე მასწავლებლებიც ძალიან ბევრს შრომობენ, თუმცა უფრო საფუძვლიანი ცვლილებებია საჭირო, მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება, ნაწილობრივ მაინც, ამ პრობლემასაც გადაჭრის.

თამარ გოგალაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის, ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დირექტორი: 

სასიამოვნოა, რომ სკოლის როლი გაიზრდება, ასეც უნდა იყოს! ვფიქრობ, მე-12 კლასის მოსწავლეებსაც უფრო დავიბრუნებთ სკოლაში და რაც, მთავარია სწავლების ხარისხიც გაუმჯობესდება, თუ სკოლა მისაღებ გამოცდებს მიებმება. 

ნოდარ შავაძე, წალკის მუნიციპალიტეტის, ბეშთაშენის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ვფიქრობ, ამისთვის, ე.წ კატის გამოცდების დაბრუნებაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. სკოლის როლის გაზრდა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც განაპირობებს. სკოლაში აუცილებელია ცვლილებები, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო განათლება საკმარისი აღმოჩნდეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. 

გულისა ნათელაური, ახმეტის მუნიციპალიტეტის, მაღრაანის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ვფიქრობ, მეტად უნდა მიექცეს ძირითადი საგნების სწავლებას ყურადღება, სკოლაშივე, მოსწავლეები კონკრეტული პროფილით უნდა გაძლიერდნენ. ეს გადაწყვეტილება, ალბათ სკოლის ხარისხსაც აამაღლებს და მოსწავლეებს რეპეტიტორები არ დასჭირდებათ, მართალია ჩვენი მოსწავლეები არ მიმართავენ რეპეტიტორებს, თუმცა ქვეყანაში ეს პრობლემა აშკარად არსებობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203