„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ - თბილისის N12 სკოლის პირველკლასელებმა ქართულ ენას შთამბეჭდავი ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
18-04-2024

თბილისის N12 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა „ანბანეთის” ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა შთამბეჭდავი ღონისძიებით - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, დააგვირგვინეს. 

ღონისძიება ორმაგ დატვირთვას ატარებდა - პირველკლასელებმა აღნიშნეს დედაენის დღე და შეაჯამეს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება. 

ღონისძიებას კლასის ხელმძღვანელი დარეჯან კობალაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სასწავლო პროცესს სთავაზობს და არა მხოლოდ მოწაფეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე ზრუნავს, ეს ყველაფერი კი მოწაფეთა მოტივაციასა და შესაძლებლობებზე აისახება. პირველი მასწავლებლისგან შთაგონებულმა, სწავლასმოწყურებულმა პატარებმა ცოდნის დღესასწაული მოაწყეს.

პატარა მერცხლებმა ჭიკჭიკა ენით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, ტურფა იას წინაშე თავი მოიწონეს და ცოდნითა და ნიჭით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს. 

ბავშვებმა ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიციით წარმოადგინეს ქართული ენის შექმნისა და განვითარების ისტორია - ფარნავაზიდან - იაკობამდე. „დედაენის“ შემქმნელს ხოტბა შეასხეს და ქართველი ენის წინაშე მისი ღვაწლი აღნიშნეს.

კომპოზიცია განსაკუთრებით გაახალისა თეატრალურმა მინი წარმოდგენამ და მუსიკალურმა ნომრებმა

ღონისძიებას ესწრეოდნენ სკოლის დირექტორი მედეია გურგენაძე, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. 

საოცრად ლამაზმა სანახაობამ ემოციების გარეშე არავინ დატოვა, პატარებმა მშობლებსა და პირველ მასწავლებელს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203