„სასკოლო ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი საფეხური წარმატებით არის გადალახული“ - გორელოვკის N1 სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
29-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პატარებმა სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოსწავლეებს მეგზურობა გალინა კალმიკოვამ გაუწია, რომელმაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აქტიურად იზრუნა და პირველი სასწავლო წელი პატარებს შემეცნებით თავგადასავალად უქცია. პირველი სასწავლო წელი ხომ ყველაზე ამაღელვებელი და დაუვიწყარია.

სკოლაში განსაკუთრებული და ძალიან თბილი ღონისძიება გაიმართა: ყველაზე პატარა მოსწავლეებმა პირველი სასკოლო წიგნი - ანბანი და პირველი კლასი გააცილეს.

ეს ულამაზესი დღესასწაული კლასის დამრიგებლის, გალინა კალმიკოვას ხელმძღვანელობით მოეწყო, რომლის დახმარებითაც ბავშვებმა დიდი და საინტერესო გზა გაიარეს. ღონისძიების ორგანიზებაში მას აქტიურად ეხმარებოდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი არმინე პოლუიანი და ქართული ენის მასწავლებელი ეკა სუდახე.

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

„თითქოს სულ ახლახან იყო, სკოლის ზღურბლს მორიდებულად რომ გადმოაბიჯეს, დღეს კი ისინი უკვე თავდაჯერებული პირველკლასელები არიან, რომლებმაც კარგად კითხვა, წერა და მტკიცე მეგობრობა ისწავლეს.

დღესასწაული ძალიან ფერადი და მხიარული გამოვიდა: ბავშვებმა გამოთქმით წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და ყველას თავიანთი ნიჭი აჩვენეს.

ეს ემოციური ატმოსფერო მშობლებმაც გაიზიარეს, რომლებიც შვილების მხარდასაჭერად და პედაგოგებისადმი მადლიერების გამოსახატად მოვიდნენ.

სასკოლო ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი საფეხური წარმატებით არის გადალახული!“-აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მე-2 კლასში გადასვლას დიდი სიყვარულით ულოცავენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203