ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მთავარ სახელმწიფო დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო პატრიოტიზმის გაღვივება, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გამოხატვა, ასევე მოსწავლეების გაერთიანება უმნიშვნელოვანესი ღირებულებების - თავისუფლების, ერთიანობისა და სამშობლოს სიყვარულის - გარშემო.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და გაიხსენეს, თუ რა სირთულეების გადალახვა მოუწია ქართველ ერს დამოიკიდებლობამდე, ამიტომ მისი შენარჩუნება ფასდაუდებელია.
„ასეთი დღესასწაულები ბავშვებს ეხმარება უფრო ღრმად გაიაზრონ თავიანთი წვლილი ქვეყნის ბედსა და მის მომავალში.
ამ დღესასწაულს განსაკუთრებული ატმოსფერო შესძინა იმ გულმოდგინებამ, რომლითაც ჩვენი მოსწავლეები ღონისძიებისთვის მოემზადნენ. სადღესასწაულო განწყობა სკოლაში ზეიმის დაწყებამდე ბევრად ადრე სუფევდა: ბავშვებმა წინასწარ მორთეს დერეფნები და საკლასო ოთახები სახელმწიფო დროშის ფერებში. უშუალოდ ღონისძიებისთვის კი მოსწავლეებმა მოამზადეს ამაღელვებელი პატრიოტული მუსიკალური ნომრები და შთამბეჭდავი ლექსები, რომლებმაც არავინ დატოვა გულგრილი“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს ასწავლიან თავისუფლების ფასსა და სახელმწიფო ღირებულებებს.