გორელოვკის N1 სკოლაში, სპორტზე შეყვარებული ნინოწმინდელი ბავშვებისთვის, მაგიდის ჩოგბურთში ღია ტურნირი ჩატარდა
18-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

ეს იყო ნამდვილად შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელმაც სპორტზე შეყვარებული ბავშვები გააერთიანა.

ტურნირი ძალიან საინტერესოდ და დინამიურად წარიმართა. გოგონებმა და ვაჟებმა შესანიშნავი თამაში, ტექნიკა და ნამდვილი სპორტული აზარტი გამოავლინეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრის მთავარი მიზანი, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებასთან ერთად, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება იყო.

„განსაკუთრებული სიამაყის საფუძველს ჩვენი მოსწავლეების შედეგები გვაძლევს: შეჯიბრის შედეგად, გორელოვკის №1 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე - ალინა მიროშნიკოვა და ჟირაირ მარკოსიანი - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდის წევრები გახდნენ! ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას, ახლა ისინი ჩვენს სკოლას უფრო მაღალ დონეზე წარმოაჩენენ“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში. 

ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდა კუთვნილი მედლებითა და საპატიო სიგელებით. სკოლის ადმინისტრაცია გულწრფელ მადლობას უხდის მერიის წარმომადგენელს, ვალერი ბროიანს, სასპორტო სკოლის მწვრთნელს, აშოტ საგოიანს, ასევე გორელოვკის N1 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელ ალექსანდრე კალმიკოვს, მოსწავლეების მხარდაჭერისა და მათ სპორტულ წარმატებებში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

„მადლობას გიხდით ჩვენი ბავშვების მხარდაჭერისა და ახალგაზრდულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის!“- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203