„მეგობრობისა და ტრადიციების ხიდი“ - გორელოვკის №1 საჯარო სკოლაში სკოლათშორისი ფესტივალი ჩატარდა
15-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლამ ასპინძის სკოლიდან სტუმრებს უმასპინძლა.

ჩატარდა სკოლათშორისი ფესტივალი „მეგობრობისა და ტრადიციების ხიდი“

როგორც გორელოვკის №1 საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, ამ დღეს სკოლა განსაკუთრებული სიხარულით აივსო.

„ჩვენი სკოლისთვის დიდი პატივი იყო ასპინძის სკოლის მოსწავლეებისა და კოლეგების მიღება, მასწავლებელ ოლღა დიმიტრის ასული ლეკიშვილი - სლინკოს ხელმძღვანელობით. ამ შეხვედრის მთავარი მიზანი სკოლებს შორის კავშირების განმტკიცება, ჩვენი რეგიონის ხალხთა ტრადიციებისა და ყოფა-ცხოვრების გაცნობა, ასევე მრავალეროვანი ერთიანობისადმი პატივისცემის გაღრმავება იყო. დღესასწაული ძალიან თბილი და ლამაზი წუთებით დაიწყო: ჩვენმა მოსწავლეები ეროვნულ სამოსში გამოწყობილ სტუმრებს ფოლკლორული ცეკვებით მიესალმნენ. გახსნაზე შესრულებული დუხობორული, ქართული და სომხური მოტივები მეგობრობის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. გაცნობის შემდეგ, ბავშვები ჩვენი სკოლის ისტორიას ეზიარნენ და მის უნიკალურ კულტურულ მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია. პროგრამა დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. მოსწავლეები გუნდებად გაერთიანდნენ სპორტულ ესტაფეტებსა და თამაშებში, სადაც ცოცხალმა ურთიერთობამ და გუნდურმა სულისკვეთებამ მათ დაახლოებასა და ერთმანეთის უკეთ გაცნობაში შეუწყო ხელი. არც ადგილობრივი კულინარიული ტრადიციების გაცნობა დაგვვიწყებია: ეთნო-გასტრონომიული პაუზის დროს სტუმრებმა ცნობილი დუხობორული ღვეზელები დააგემოვნეს და არაფორმალურ გარემოში ისაუბრეს.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება ყველაზე მოახდინა ექსკურსიამ სოფელ გორელოვკის დუხობორთა კულტურის ცენტრში - „ობოლთა სახლში“. უნიკალური არქიტექტურისა და თემის ყოფა-ცხოვრების გაცნობამ სტუმრებს საშუალება მისცა, ჩვენი მხარის ისტორიულ ფესვებს შეხებოდნენ. ფესტივალის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს მონაწილეობა ამაღელვებელ აქციაში „სურვილების ხე“ - სიმბოლურ ხეზე მათ თავიანთი შთაბეჭდილებები და სამომავლო შეხვედრების იმედები დატოვეს“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ეს დღე იმის ნათელი მაგალითი გახდა, თუ როგორ აერთიანებს გულებს საერთო ინტერესები და ტრადიციების პატივისცემა.

„მადლობას ვუხდით ქალბატონ ოლღას და თითოეულ მოსწავლეს სტუმრობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი „მეგობრობის ხიდი“ კიდევ უფრო განმტკიცდება!“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203