ნორჩი მხატვრის თვალით დანახული სამყარო - გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში რუზანა წარუკიანის პერსონალური გამოფენა მოეწყო
07-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის, რუზანა წარუკიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ დღეს სკოლის კედლები განსაკუთრებული სინათლითა და ფერებით აივსო.

„რუზანას თითოეული ნახატი ცალკეული ისტორიაა, გულწრფელი და სიცოცხლით სავსე. მისი ნამუშევრების დათვალიერებისას გაოცდებით ნიჭის სიღრმითა და იმით, თუ რამდენად ფაქიზად აღიქვამს იგი სამყაროს. ღონისძიების მთავარი მიზანი ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერა და სასკოლო საზოგადოებისთვის იმ ნიჭიერი ახალგაზრდების გაცნობაა, რომლებიც ჩვენ შორის ცხოვრობენ“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია: ბავშვები და პედაგოგები დიდხანს ჩერდებოდნენ ექსპოზიციასთან, განიხილავდნენ ტექნიკასა და სიუჟეტებს.

„ჩვენ გულწრფელად ვამაყობთ, რომ  №1 სკოლის კედლებში ასეთი ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანები იზრდებიან. რუზანა, გისურვებთ ამოუწურავ შთაგონებას! დაე, თითოეულმა ახალმა ტილომ ახალი ჰორიზონტები გადაგიშალოს. ჩვენ გვჯერა შენი დიდი შემოქმედებითი გზის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს შემოქმედებით გზაზე გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203