სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა 
05-09-2023

ვეტერანი სპორტსმენი მელანია დოლიძე უკვე წლებია იბრძვის უფროსი პედაგოგის სტატუსისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯი, 60 კრედიტიანი პროგრამა გაიარა და საგნის გამოცდაც უმაღლეს ქულაზე ჩააბარა, სტატუსის არქონის გამო სკოლიდან გაათავისუფლეს. პირველ სექტემბერს კი, სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი სტუდენტი გახდა.

შეცდომა, რომელიც გამოცდაჩაბარებულ მასწავლებელს სამსახურის გარეშე ტოვებს - 60-კრედიატინი პროგრამის გავლის მიუხედავად, მას უფროსის სტატუსი არ ენიჭება

მასწავლებელი სტუდენტის რანგში! - რატომ გადაწყვიტა პედაგოგმა ეროვნული გამოცდების ჩაბარება, როგორ აგრძელებს ბრძოლას სტატუსისთვის და რა იქნება მისი მეორე პროფესია - Etaloni.ge-სთან თავად სპორტსმენი, მელანია დოლიძე საუბრობს:

- რამ გამოიწვია თქვენი სკოლიდან გათავისუფლება? 

- 8 წლის სწავლა არ დამიფასდა, ჩემი განათლება არ აღიარეს! ჯერ დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა ვისწავლე, შემდეგი ოთხი წელი ჟურნალისტიკა... პედაგოგიკის ფაკულტეტის დიპლომი კი, იმ დროს გათანაბრებული იყო ბაკალავრის ხარისხთან, თუმცა ბათუმის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის გაუქმებით, ჩემი დიპლომი არ ამტკიცებდა ბაკალავრის ხარისხს. გამომდინარე აქედან, არც 60 კრედიტიანი პროგრამის გავლის უფლება უნდა მქონოდა, თუმცა გავიარე, რადგან მაშინ ეს პრობლემა არ იყო აღმოჩენილი. მასწავლებლადაც ვიმუშავე და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი კვალიც დავტოვე. სკოლა  უსტატუსობის გამო დამატოვებინეს. დირექტორმა მითხრა, რომ სექტემბრიდან ვეღარ ვიმუშავებდი, მიუხედავად იმისა, რომ აფასებდა ჩემს შრომას და აღნიშნავდა, რომ ძალიან ბევრი რამ გავაკეთე სკოლისა და მოსწავლეებისთვის. ის, რაც ჩემს ადგილზე დარჩენილმა მასწავლებელმა 30 წელში გააკეთა, მე 1 წელში შევძელი. სამწუხაროდ, სკოლამ არაფერი გაითვალისწინა. სასამართლოშიც შეტანილი მაქვს საჩივარი, მაგრამ ეს დროში გაიწელება. 

- რა მთავარი მოთხოვნა გაქვთ სასამართლოსთან? 

- მე მაქვს დოკუმენტები, საარქივო მასალები, რომლებიც ამ სასწავლებლის ეტაპობრივ ცვლას აჩვენებს, დიპლომების შინაარსიდან გამომდინარე. არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მაშინ, როცა დავასრულე სასწავლებელი, ჩემი ფაკულტეტი გათანაბრებული იყო ბაკალავრის ხარისხთან. ასევე არსებობს 1990 წლის ბრძანება, მაშინდელი განათლების მინისტრის ენუქიძის ხელმოწერით, რომელიც ცხადყოფს, რომ სასწავლებელი უმაღლესთან იყო გათანაბრებული. სასამართლოსგან ვითხოვ დამიფასდეს ჩემი სწავლა და მქონდეს დამსახურებული სტატუსი.  

- რატომ გადაწყვიტეთ ეროვნულ გამოცდებზე გასვლა?

- მე ლოდინი არ შემიძლია, ამიტომ მირჩევნია, ერთი ნაბიჯით წინ ვიყო. ექსპერიმენტის ნაწილად შემიძლია ჩავთვალო ჩემი აბიტურიენტობა, ვცადე და გავხდი სტუდენტი ისე, რომ წიგნი არ გადამიშლია და ამ გამოცდებისთვის არ მოვმზადებულვარ. ჩემს ქვეცნობიერში დალექილი ცოდნა გავაღვიძე და გავედი გამოცდაზე. 

- ამჯერად რა პროფესია აირჩიეთ? 

- სტუდენტობის დროს სპორტსმენიც ვიყავი და მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, თუმცა ჩემს სასწავლებელს არ ვუღალატე და ახლა ვხვდები - შეცდომა დავუშვი! დღეს, ჩემი სტუდენტობა ძველი შეცდომის გამოსწორებაცაა. ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფიის მიმართულებით. ფსიქოლოგია მინდოდა, თუმცა დიდი კონკურენციის გამო ვერ მოვხვდი.

- რატომ აირჩიეთ სხვა მიმართულება და არა მასწავლებლების მომზადების საბაკალავრო პროგრამა, რითაც უფროსის სტატუსი პირდაპირ მოგენიჭებოდათ

- დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და როცა ასე იქნება, მასწავლებელი ისეც ვიქნები, ამიტომ გადავწყვიტე მეორე პროფესიის შეთავსება. გეოგრაფია მიყვარს და ეს პროფესიაც ახლოსაა ჩემთან. პირველ სემესტრში დავაკვირდები, რამდენად შევძლებ ამ მიმართულებით რეალიზებას, თუ არ მომეწონება, არც ეს არის პრობლემა -  მობილობით გადავალ ფსიქოლოგიაზე. 

- და ბოლოს, სამომავლო გეგმებზე გვიამბეთ? 

- ერთად ბევრ ომში ჩავერთე - სკოლა, სასამართლო, პირადი განვითარება... პირველი საზრუნავი ის არის, რომ დავრჩე სკოლაში და არ ჩამოვშორდე ჩემს მოსწავლეებს; ველოდები სასამართლოს და რაც შეეხება განათლებას, დიდი ალბათობით ბაკალავრის ხარისხს არ დავჯერდები და მაგისტრატურაზეც გავაგრძელებ სწავლას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203