საბავშვო ბაღების საყურადღებოდ - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
03-06-2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ცენტრის „ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, გაიმართა შეხვედრა იმ მუნიციპალიტეტებისა და საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან, რომლებიც პირველ ეტაპზე ჩართულები არიან თვითშეფასების განხორცილებაში.

შეხვედრის თემატიკა შეეხებოდა ავტორიზაციისა და თვითშეფასების პროცესებს, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების შინაარსობრივ და პროცედურულ საკითხების გაცნობას.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის ფარგლებში, სფეროში ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმების ამოქმედების ვალდებულება დელეგირებულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე . კანონის შესაბამისად, 2024 წლის 01 იანვრამდე დაწესებულებებმა ცენტრში უნდა წარმოადგინონ თვითშეფასებები.

დაწესებულებების მიერ თვითშეფასების განხორციელება 2023 წლის მაისის თვიდან დაიწყო. პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის „ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში თითოეულ დაწესებულებისთვის გამოყოფილი იქნა თვითშეფასების დამხმარე სპეციალისტი.

თვითშეფასების პროცესის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მისი ანალიზის შედეგები საფუძვლად დაედება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვას და დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის გავლის განრიგის შედგენას 2029 წლის ბოლომდე, ასევე დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის სისტემურ შეფასებას, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვასა და განხორციელებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203