გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა.
მასწავლებელთა საგამოცდო ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
იმისათვის, რომ გამოსაცდელის პასუხი სრულფასოვნად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით გასწორდეს:
დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული - პასუხობდეს დასმულ შეკითხვას;
არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს;
შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით;
თუ რომელიმე პირობა არ იქნება დაცული, ნაწერი შეფასდება 0 ქულით.
რაც შეეხება შეფასების სქემას, 3 ქულით შეფასდება ნაშრომი თუ პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა. მსჯელობა არის სრული, არგუმენტირებული, გამოსაცდელი გასაგებად და ამომწურავად უპასუხებს დავალების ყველა კითხვას/მითითებას (ასახელებს, აღწერს, განმარტავს, ასაბუთებს);
თუ პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული. აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი ან, ზოგადად, პასუხი ყველა მითითებაზე სწორია, მაგრამ სქემატური - ნაშრომი ფასდება 2 ქულით.
1 ქულა დაიწერება იმ შემთხვევაში, თუ პასუხში ჩანს, რომ გამოსაცდელს აქვს საკითხის არასრული (ზედაპირული) ცოდნა, ან გამოსაცდელი სქემატურად უპასუხებს პირობაში მოცემულ მხოლოდ ერთ კომპონენტს.
0 ქულით კი შეფასდება ის აპლიკანტი, ვინც ვერ უპასუხებს დავალების მოთხოვნებს. დავალების პირობა ან/და შეკითხვა სწორად არ ექნება გააზრებული, პასუხი აცდენილი იქნება დასმულ შეკითხვას.