2024 წლის ხონის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
17-04-2024
16 აპრილს „ეტალონის“ ინტელექტის და ცოდნის ზეიმი ხონში გაიმართა. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ, შედეგად კი ხონის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, დასწრებითი ღონისძიება მთელი ხონისთვის სადღესასწაულო ამბად იქცა. საგანგებოდ მოირთო  ხონის N3 საჯარო სკოლა, სადაც სკოლების აქტიური ჩართულობისა და მოსწავლეების დიდი ინტერესის ფონზე წარიმართა ღონისძიება. ხონის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სკოლების 19 გუნდი და 95 მოსწავლე ეჯიბრებოდა. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ. 

 

მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და მერის მოადგილე მანანა გოფოძემ. 

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.


20 კითხვის შედეგად გამარჯვებული სამეულიც გამოვლინდა:

2024 წლის „ხონის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდმა 85 ქულით. გუნდის კაპიტანი იყო VII კლასის მოსწავლე ელენე გვიჩიანი, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: აკო ციცხვაია VI კლასი, დათო უგულავა VII კლასი, მარი იოსელიანი VII კლასი და ანდრია თუთაშვილი VI კლასი. 

მეორე ადგილზე 82 ქულით გავიდა ხონის ტექნიკური შემოქმედებითი გიმნაზიის გუნდი VII კლასელი სალომე გოგიძის ხელმძღვანელობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: გაბრიელ გაბრავა VII კლასი, გიორგი ბობოხიძე VI კლასი, თორნიკე ბექაური VI კლასი და ნინო წივწივაძე VI კლასი. 

მესამე ადგილი კი მოიპოვა ხონის N3 საჯარო სკოლის VII კლასელებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა 77 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა ბარბარე მაჭარაძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ: ლიზი წივწივაძე VII კლასი, შოთა ლიპარტელიანი VII კლასი, ნიკოლოზ ხანოძე VII კლასი, ზურაბ აბზიანიძე VII კლასი. 


ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

ხონში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203