„ქართული ერის მოყურიადე“ - ასურეთის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
01-03-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა საინტერესო ღონისძიება - „ქართული ერის მოყურიადე“ .

აღნიშნულ დღეს, ისტორიის მასწავლებელმა - იზოლდა გორგასლიძემ ისაუბრა მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე, 25 თებერვლის გმირების შესახებ.

ღონისძიებაზე ასევე მოსწავლეებმა გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი გაიხსენეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის“ ბიოგრაფიაზე, ღვაწლზე, საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადარჩენისა და დაბრუნების ისტორიებზე.

„ბავშვებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები, გააანალიზეს დოკუმენტური კადრები, წაიკითხეს თემატური ლექსები. პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში. ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმიის შემოჭრას 70-წლიანი ოკუპაცია მოჰყვა.

„საჯარო სკოლის პედაგოგები ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, ახალმა თაობამ გაითავისოს 1921 წლის თებერვლის მოვლენები, რათა არ დავუშვათ მძიმე წარსულის განმეორება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203