„ბრძოლა კონტინენტებისთვის“ - საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში გუნდური თამაში ჩატარდა  
27-02-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სწავლების თანამედროვე მიდგომებს სთავაზობენ, მათ შორის აღსანიშნავია თამაშით სწავლება, რაც მოსწავლეებისთვის სახალისო და თავშესაქცევია, შესაბამისად მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

26 თებერვალს, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა თამაში - „ბრძოლა კონტინენტებისთვის“. მოსწავლეთა სამი გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს კონტინენტების დაპყრობაში.

თამაშს ორგანიზება გაუწია და ხელმძღვანელობდა პედაგოგი ანნა წულაია. როგორც პედაგოგი გვიყვება, აქტივობას საფუძვლად დაედო სტრატეგიული თამაში Risk-ის შაბლონი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოს რუკა, მეომრები, სასროლი ქვები.

გუნდის წარმომადგენლები ისვროდნენ ქვებს და კონტინენტის შესაბამისი ციფრის ამოგდებისას ასახელებდნენ ამ კონტინენტზე ისტორიულ, გეოგრაფიულ, ბიოლოგიურ ან სხვა ფაქტს. სწორი პასუხის დროს გუნდი ათავსებდა თავისი ფერის ფიგურას კონტინენტზე.

„თამაში საინტერესო და ხალისიანი გამოვიდა, მადლობა მოსწავლეებს ჩართულობისთვის!

თამაშით სწავლება ეხმარება მოსწავლეებს გუნდური მუშაობის, სტრესული სიტუაციის მართვის, კრიტიკული აზროვნების, დაკვირვების, მოსმენის და სხვა უნარების განვითარებაში“,- აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203