ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საინტერესო ინიციატივები 
26-02-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს და სკოლას საინტერესო ინიციატივებს სთავაზობს. 

ამჯერად, მათი ინიციატივით, ჩატარდა პროექტის - „მონაწილეობა სასკოლო სივრცის კეთილმოწყობაში“, პრეზენტაცია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია: სკოლის, როგორც სამუშაო და სოციალური სივრცის, კეთილმოწყობის აუცილებლობის გაცნობიერება და ამ ღონისძიებებში საკუთარი მონაწილეობის მნიშვნელობის გააზრება.

როგორც სკოლაში აანონსებენ, პროექტის დასრულების შემდეგ გაგრძელდება მუშაობა მდგრადობის შესანარჩუნებლად, რადგანაც სკოლის კეთილმოწყობა მეტად აქტუალური საკითხია.

აღსანიშნავია, რომ ასევე მოსწავლეთა თვითმმართველობის და კლუბის -„აქტიური მოქალაქეების“, ჩართულობით დაიწყო პროექტი - „ადიქცია - მავნე ჩვევები“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს მოსწავლეებში ადამიანის ადიქციური ქცევის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; იმის გააზრებას, თუ რა შედეგები მოსდევს დამოკიდებულებას, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის; როგორ არის მოწესრიგებული საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უფლება.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა და თანამშრომლობა.

აქტივობები გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203