„გააკეთეთ სიკეთე!“ - აფხაზეთის N12 სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი და ქველმოქმედების მიზნით დადგმული ფასიანი მინი-სპექტაკლი
27-02-2024

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში ღირსეულ მოაქალაქეებს ზრდიან და მათ საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, ქველმოქმედებსა და ჰუმანურობას ასწავლიან. 

სკოლაში განხორციელდა სამოქალაქო განათლებისა და ხელოვნების ინტეგრირებული საქველმოქმედო ტიპის პროექტი სახელწოდებით - „გააკეთეთ სიკეთე“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას (შეუერთდნენ აქციას - „ერთად იოსთვის“, რომელიც გულისხმობდა 7 წლის იოანე ხარებავას დახმარება, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ზედა ყბის ოპერაცია .შემოსული თანხით მცირე წვლილს გაიღებდნენ იოანეს დასახმარებლად) და ლიტერატურის, კერძოდ კი თეატრისადმი ინტერესის გაღვივებას.

XI კლასის მოსწავლეებმა დაისახეს ამოცანები და პროექტის განხორციელების გზები. შეკრეს თოჯინების თეატრის სამსახიობო დასი, წარმოდგენისთვის შეარჩიეს ზღაპარი - „სამი გოჭი“, შექმნეს დეკორაციები, გააფორმეს მუსიკალურად  და 21-22 იანვარს უმცროსკლასელთათვის დადგეს ფასიანი მინი-სპექტაკლი;

„პროექტმა ხალისი და ინტერესი შესძინა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას.პროექტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ერთიანობის, ერთმანეთზე ზრუნვის საუკეთესო საშუალება. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, ქველმოქმედების კეთების, საქველმოქმედო ღონისძიების დაგეგმვისა და თვითშეფასების უნარ-ჩვევები. რაც მთავარია, პროექტმა ხელი შეუწყო მათში სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას“,-გვეუბნებიან სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203