„დარგე ოთახის ყვავილი, გაამწვანე შენი საკლასო ოთახი!“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგ გვანცა ჭაბუკიანისა და მისი მოსწავლეების საინტერესო გამოწვევა
16-02-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

„დარგე, მოუარე, გაზარდე შენი ხელით...“, - ამ მოტივით და პედაგოგის, გვანცა ჭაბუკიანის ხელმძღვანელობით, პირველი კლასის მოსწავლეებმა: ცოტნე ჭაბუკიანმა და ლუკა ჩიქოვანმა, ქოთნებში ჩარგეს ოთახის ყვავილები, რომლებსაც თავად მოუვლიან და მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან. 

ამ აქტივობით, მოსწავლეებმა საკლასო ოთახის „გამწვანება“ დაიწყეს. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ბავშვებისთვის აუცილებელია მცენარეებთან ურთიერთობა, რათა მათ სამყარო უკეთესად აღიქვან და მზრუნველობის შეგრძნება განუვითარდეთ.

ამ საინტერესო ინიციატივით, პირველი კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებელი იწყებენ გამოწვევას - „დარგე ოთახის ყვავილი, გაამწვანე შენი საკლასო ოთახი...“, ისინი იწვევენ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. 

„იზრუნე გარემოზე, რათა იზრუნოს მან შენზე! ფანჯრის რაფაზეც კი შეიძლება ყვავილების სამყარო გვქონდეს...“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203