„ექვთიმე ღვთისკაცი“ - აკეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო პროექტი
05-02-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

31 იანვარს, მე- 11 კლასის აქტიური ჩართულობით, აკეთის საჯარო სკოლაში განხორციელდა სასწავლო პროექტი - „ექვთიმე ღვთისკაცი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი ლ. გოგელია. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ექვთიმეს ღვაწლს და დამსახურებას სამშობლოსა და ერის წინაშე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაიგეგმა სხვადასხვა ტიპის აქტივობა. მოზარდებმა ნახეს სპექტაკლი  ოზურგეთის თეატრში - „ექვთიმე ღვთისკაცი“, ჩატარდა მინი ვიქტორინა, სადაც გამოვლინდა, რომ ბავშვებს არც ისე ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში მომზადდა საინტერესო პრეზენტაციები, გაიმართა ფილმის - „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ჩვენება, მუსიკის ფონზე პროექტის მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსი და ექვთიმეს მოგონებები.

პროექტის ბოლოს კი გაიმართა საინტერესო დისკუსია  - „ვინ არის ჩვენთვის ჩვენი წინაპარი და რა დანიშნულება აქვს ადამიანს ცხოვრებაში?!“.

„პროექტმა ბავშვებს გაუფართოვა ცოდნა ექვთიმე თაყაიშვილის, როგორც მკვლევარ-ისტორიკოსის, საგანძურის უანგარო მცველის, ერის მოჭირნახულე პიროვნების შესახებ, რომ წინაპართა ღვაწლს დაფასება სჭირდება. ბოლოს კი გადაწყდა მოაწყონ ექსკურსია ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203