არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში“ საქართველოში პირველი ადგილი მოიპოვა
23-05-2018
პაოლო იაშვილის სახელობის არგვეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ - სალომე ამყოლაძემ „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში“ საქართველოში პირველი ადგილი მოიპოვა. სალომე ამყოლაძე ლეპტოპით დასაჩუქრდა.
საკონკურსო თემა იყო - „წარმოიდგინე, რომ ხარ წერილი რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?”.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 300-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 9 საუკეთესო ნაშრომი.
რიგით მეხუთე საიუბილეო „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა-დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.