ყუმურის საჯარო სკოლის „პატარა მწიგნობრებმა“ ხელნაკეთი ილუსტრირებული წიგნი შექმნეს 
24-01-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში, პედაგოგ სოფიკო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი - „პატარა მწიგნობრები“. 

დეკემბრის თვის კლუბის სამუშაო დღეები, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, პიროტექნიკას და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს მიუძღვნა.

პირველ რიგში, კლუბის წევრებმა, ხელმძღვანელთან ერთად, წაიკითხეს თანამედროვე საბავშვო მწერლისა და ილუსტრატორის - ლელა ცუცქირიძის საბავშვო მოთხრობა „ბუ ბუბუსას დღიური“, რომელშიც ნათლად ჩანს, რა ემართებათ პატარა ცხოველებსა და ფრინველებს პიროტექნიკის გამოყენებისას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოთხრობის კითხვის პროცესი ძალიან ემოციური იყო, პატარებმა არა მარტო გაიგეს, რა შედეგი მოჰყვება პიროტექნიკის გამოყენებას, გაიაზრეს ის საფრთხეები, რაც ყველას შეიძლება დაემართოს ასაფეთქებლების გამოყენებისას.

მეორე ეტაპზე შექმნეს ხელნაკეთი წიგნი „ბუ ბუბუსას დღიური“ და ძალიან საინტერესო ნახატები მოთხრობის ეპიზოდების მიხედვით.

„როცა გაიგეს, რომ ავტორი ჩვენი თანამედროვე ცოცხალი მწერალია, მოისურვეს ილუსტრაციებისა და წიგნის ფოტოების მისთვის გაგზავნა. ქალბატონმა ლელამ უდიდესი მადლიერება და საუკეთესო სურვილები გამოუგზავნა პატარებს. კლუბის წევრებმა მორიგ აქტივობად ქალბატონ ლელასთან ონლაინ-შეხვედრა დაგეგმეს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203