მრავალფეროვანი თვალსაჩინოება და არაერთი შემეცნებითი აქტივობა - ქუთაისის N40 სკოლის მეექვსეკლასელთა უცხოური ენის საინტერესო გაკვეთილი
11-01-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით და ნაყოფიერად წარიმართა. 

სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახა.  

28 ნოემბერს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის VI კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ენაში, რომელსაც მასწავლებელი დარეჯან ნემსაძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - „მხოლობითი რიცხვის პირის ნაცვალსახელების გამოყენება ნაცნობი ტექსტის შინაარსზე დაყრდნობით“.

ახალი მასალის ახსნისთვის მასწავლებელმა თვალსაჩინოება - ცხრილები, ვიდეომასალა გამოიყენა.

ანიმაციური ფილმის ჩვენებამ, ინდივიდუალურმა პრეზენტაციამ და წყვილებში მუშაობამ ხელი შეუწყო ბავშვებს გრამატიკული კონსტრუქციების უკეთ ათვისებაში. დაფაზე შესრულებულმა სავარჯიშომ კი განამტკიცა მასალის გაგება- გააზრება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა თამაშის მეთოდის გამოყენებით შეამოწმა თუ რამდენად სწორად გაიგეს ბავშვებმა აღნიშნული თემა.

საგაკვეთილო პროცესის გახალისების მიზნით, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა პატარა ლექსი- ვარჯიში, რამაც ბავშვები გაამხიარულა და მათ დასვენების საშუალებაც მისცა.

„უნდა აღინიშნოს, რომ საგანი მხოლოდ მეორე წელი ისწავლება კლასში. მე-6 კლასელებისათვის ცოტა რთულია აღქმა იმისა, რომ ერთი და იმავე პირის ნაცვალსახელი სხვადასხვაგვარად გამოიყენება პრეზენტაციის დროს, როდესაც საუბრობ სახელსა და გვარზე, ასაკზე და ა.შ.“,- გვეუბნებიან სკოლაში.  

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე და სკოლის საინფორმაციო მენეჯერი მარი ივანიძე. მათ დადებითად შეაფასეს გაკვეთილი.

„დირექტორმა წარმატება უსურვა ბავშვებს, მასწავლებელს, ხაზი გაუსვა უცხოური ენის სწავლების მნიშვნელობას და ზოგადად, თუ რა როლი აქვს უცხოური ენების ცოდნას ადამიანის წინსვლასა და წარმატებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203