თბილისში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ზებრა“ გადასასვლელზე მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა
21-05-2018

თბილისში, კერძო სკოლა „პოლიგლოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-12 კლასელ მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქვეითთათვის განკუთვნილ „ზებრა“ გადასასვლელზე გადადიოდა. 

დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას, სავარაუდოდ, აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები.

შინანაგ საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა. დაწყებულია გამოძიება.

ინფორმაციას და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს ერთ-ერთი თვითმხილველი თორნიკე დარჯანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„დღეს დილით ზებრასთან გზა დავუთმე მე-12 კლასელ გოგონას, რომელიც საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადაჭარბებული სიჩქარით მომავალმა მანქანამ გაიტანა. აქ ვერ მოვყვები რა დამემართა... 

რამდენიმე დასკვნა: 

1. აზრი არ აქვს საერთოდ ამ ზებრების დახაზვას, იმიტომ რომ სიკვდილის ზონებს ვქმნით. ამ ქვეყანაში არის კატეგორია, რომელმაც არ იცის უბრალოდ რას ნიშნავს ზებრა. არათუ ზებრა არ იცის, არ იცის ნიშნის წაკითხვა, რომ სპეციალურ ზონაში მოძრაობს, დააკვირდით ნიშანს, ეს მოხდა საბავშვო ბაღის და სკოლის წინ.

2. სახელმწიფო არაფერს აკეთებს სამოქალაქო განათლების და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. 

3. პირველადი დახმარების აღმოჩენის გონზე არაა არავინ. რამდენიმე აპირებდა ბავშვის იქვე მე-8 საავადმყოფოში ხელში აყვანით გადაყვანას. 

4. სასწრაფო გინდ გვყოლია, გინდ არა, როგორც ყოველთვის მოსვლა დააგვიანდა (მიზეზები გასაგებია, საცობში იდგა). 

5. ეს ალბათ ჩვენი პანიკიორი, თუ უმწეო ხასიათის ბრალია, ყოველმა გამვლელმა რომ უნდა ჰკითხოს ნაავარიებ გათიშულ ბავშვს, სად ცხოვრობს, რამდენი წლისაა, ცოცხალია თუ არა და ა.შ. 

6. ჯერ კიდევ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ბავშვს ამტყუნებდნენ, რომ ზებრაზე "სწრაფად გადაიარა".

პ.ს. ეს გოგონა სასწაულებრივად გადარჩა და გონზეც მოვიდა, ალბათ რამდენიმე ადგილას მოტეხილობა მიიღო და სერიოზული არაფერი სჭირს.

ჩვენც კი ცხოვრებას ვაგრძელებთ ათასი საფრთხით სავსე ქალაქში“,- წერს თორნიკე დარჯანია.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203