„სულხან-საბა ორბელიანის ევროპული არჩევანი“- ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
21-12-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში არაერთი გამორჩეული და საინტერესო აქტივობა ეწყობა.

ამჯერად კი, VI კლასის მოსწავლეებმა მიწვეულ სტუმრებსა და სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროექტი - „სულხან-საბა ორბელიანის ევროპული არჩევანი“ წარუდგინეს. მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები - „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება, ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი“, გაიხსენეს, ყოველივე ეს კი სიმბოლურად, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხს დაუკავშირეს. 

მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის იდეა სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიისა და იგავ-არაკების შესწავლის შემდეგ გაუჩნდათ. მათ გადაწყვიტეს, სულხან-საბაორბელიანსა და ევროპაში მის მოგზაურობაზე უფრო მეტი ინფორმაცია მოეძიებინათ. მოსწავლეები იგავ-არაკთა კრებულით -„სიბრძნე სიცრუისა“ და ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის შექმნით დაინტერესდნენ.

სასწავლო პროექტს შმდეგი მიზნები ჰქონდა: 

1. სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა და მისი ღვაწლის შეფასება;

2. მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება;

3. მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება, წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის , საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმის , პრეზენტაციის, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური თანამშრომლობის უნარების განვითარება.

პროექტი ინტეგრირებული იყო საგნებთან: ქართული ლიტერატურა, ფრანგული ენა, ისტორია, გეოგრაფია, კომპიუტერული ტექნოლოგიები.

სასწავლო პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში, მინი ლექცია თემაზე: საქართველოს პოლიტიკურ- ეკონომიკური განვითარების გამოწვევები და ევროპის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობა მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, გაიმართა. მას ისტორიის მასწავლებელი ლალი რობაქიძე უძღვებოდა. 

მოსწავლეთა და მასწავლებელთა პრეზენტაციები კი შემდეგი იყო:

1. სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია;

2. იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“

3. სულხან -საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“

4. სულხან -საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“(გეოგრაფიის მასწავლებელი შორენა კოხრეიძე)

5. სულხან -საბა ორბელიანი და საფრანგეთი, იგავ-არაკი „ძალა ერთობაშია“ (ფრანგულ ენაზე) (ფრანგული ენის მასწავლებელი ფატმან შალამბერიძე)

6.კომპიუტერული ტექნოლოგიები და ევროპული განათლება, საინფორმაციო ბუკლეტი „სულხან-საბა ორბელიანის ევროპული არჩევანი“ (კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამთა გაჩეჩილაძე)

პროექტის მიმდინარეობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია ჩინჩალაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა მოაგროვეს ინფორმაცია სულხან-საბა ორბელიანზე, დაინტერსდნენ, რატომ გაემგზავრა სულხან-საბა ევროპაში, ქვეყნის მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზებით, რისთვისაც მათ მიმართეს ისტორიის მასწავლებელს ლალი რობაქიძეს. მათ მოამზადეს პრეზენტაციები, დაბეჭდეს ბუკლეტი, რაშიც მათ დაეხმართ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი - თამთა გაჩეჩილაძე. კლასის დამრიგებელ, გეოგრაფიის მასწავლებელ - შორენა კოხრეიძესთან ერთად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვირტუალურად დაათვალიერეს სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის ამსახველი სურათები. დაათვალიერეს ქვეყნები და ქალაქები, მოამზადეს პრეზენტაცია. ფრანგული ენის მასწავლებელმა ფატმან შალამბერიძემ მე-11 კლასის მოსწავლეების - მარიამ ნაზარენკოსა და ანანო ბაზმანის ჩართულობით, მოამზადა პრეზენტაცია - „სულხან-საბა ორბელიანი და საფრანგეთი“. მოსწავლეებმა მოისმინეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „ძალა ერთობაშია“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი - ნინო ვარდოსანიძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ლია კუხიანიძე, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ინგა ხაჟომია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ვალიდა კვირიკაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი - თეა მეშველიანი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი - მარინა სოხაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი - სოფიო გველესიანი, ინფორმაციული მენეჯერი - მარი ივანიძე, საბაზო და საშუალო საფეხურის (მე-8- მე-10 კლასები) მოსწავლეები და მე-6 კლასის მოსწავლეთა მშობლები. მათ მაღალ დონეზე შეაფასეს სკოლის მოსწავლეთა ნამუშევარი, მისცეს რჩევა-დარიგებანი და უსურვეს წარმატებები სწავლაში.

„ამ პროექტით მოსწავლეებმა განამტკიცეს გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და განივითარეს ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით, თანამშრომლობის, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბებისა და გამოთქმის, გაიფართოვეს თვალსაწიერი. მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე, მისი დიპლომატიური მისიის შედეგები.
სასწავლო პროექტზე მუშაობის დასასრულს, მოსწავლეებმა დაასკვნეს: ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გამავალო გზა განათლებაზე გადის.. ევროპული განათლების მთავარი ღირებულება იმაშია, რომ ის ადამიანს მთელ რიგ პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს სძენს, ასწავლის თვითდისციპლინას. დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაც სწორედ განათლებაზეა დამოკიდებული“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203