არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა კომპიუტერული მეცნიერებების სამყაროში 
13-12-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში კომპიუტერული მეცნიერებების პოპულარიზაციასა და ინოვაციური განათლების ხელშეწყობას დიდი ყურადღება ექცევა. 

ამ მიმართულებით, სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ეკატერინე ჩიტაური მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ პროექტებს სთავაზობს. 

ახლახან, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა V და VI კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა საინტერესო პროექტი - „გმირის მოგზაურობა“, რომელიც გულისხმობდა კომპიუტერთან, პროგრამა - Code.org-ში ჯგუფურად მუშაობას.

როგორც პედაგოგი გვიყვება, თითოეულმა კლასმა წამოაყენა ლიდერი, რომელიც კლასის დახმარებით დაწერდა კოდებს სწორად და სწრაფად. მოსწავლეები ცდილობდნენ უმოკლეს დროში დაეწერათ კოდი და ფინალში გადასულიყვნენ. რა თქმა უნდა, ლიდერები ითვალისწინებდნენ მეგობრების/კლასელების რჩევებს, რომლებიც პედაგოგის შეფასებით, ნამდვილად სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო.

მასწავლებლის თქმით, ღირსეულად იბრძოდა ორი კლასის წარმომადგენელი, გამარჯვებულის ვინაობა კი წამებმა გადაწყვიტა. გამარჯვებული V კლასი გახდა.

ორივე კლასს გადაეცა გამარჯვების და მონაწილეობის სერტიფიკატები.

„გუნდური/ჯგუფური მუშაობა მოსწავლეებში ავითარებს და ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობას და სოციალიზაციის უნარის განვითარებას. ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს უფრო რთული ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა და უნარები აღემატება იმ ცოდნას, რომელიც შეიძლება ცალკეულ მოსწავლეს გააჩნდეს. ჯგუფში მუშაობა მოსწავლეს ემპათიის გრძნობას უვითარებს. მოსწავლე სწავლობს სხვისი აზრის გათვალისწინებას. აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს განვითარებული ერთმანეთთან ინფორმაციის გაზიარების უნარი, ზოგიერთი ვერ ახერხებს ჯგუფში ინტეგრირებას, თუმცა თუ შევაჯამებთ დღევანდელ პროექტს, ნამდვილად ღირდა ამ პროექტის განხორციელება, ვინაიდან მათ დაინახეს, არა მარტო თავის ცოდნა და შესაძლებლობები, არამედ უფრო მეტად ისწავლეს სხვისი პატივისცემა და ერთობლივად მუშაობის პრინციპი. გილოცავთ ყველას პროექტში მონაწილეობას და წარმატებას გისურვებთ ახალ პროექტებში“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203