
ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეების განვითარებაზე, მათ მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, დიდი ჟრიამული 1-ელა კლასში იყო, სადაც ორიგინალური საშემოდგომო შოუ - „ია ოქროსფერ სამოთხეში“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, დამრიგებელ ნაირა ბაბლიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, იმღერეს და იცეკვეს.
გარდა ამისა, პატარა მოსწავლეებმა ბარათები - „ჩემი პირველი ხელნაწერი“ დაამზადეს, სადაც თითოეულმა მათგანმა პირველი წინადადება - „აი ია“ ჩაწერა და დედიკოებს საჩუქრად გადასცა. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელსა და გოგონებს თეთრ საყელოებზე, ბიჭებს კი პეპელა-ბაფთებზე ამშვენებდათ ამოქარგული ია და წარწერა „აი ია“. ღონისძიება მშობელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
„მოსწავლეებმა თავიანთი დაბადების დღის სეზონების მიხედვით კლასში მრავალფეროვანი საჩუქრები შემოიტანეს. მასპინძელი შემოდგომა გახლდათ. ზაფხულმა ორშიმო და ქვევრის სარეცხი მოიტანა, ზამთარმა - საცერი და საწნახელი, ხოლი გაზაფხულმა ორიგინალურად შემოიტანა „ია“ და განმარტა, რომ ზუსტად 147 წლის წინ დიდმა იაკობმა ბუჩქიდან ია „დედაენის“ წიგნში ჩააფინა. ჰოდა, იმ დღიდან ჯადოსნური სიტყვებით - „აი ია“ შენდება ჩვენი მეტყველება, ქართული საოცარი მეტყველება“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: