
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, მოსწავლეებმა ფერადი შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. სკოლა საზეიმოდ, „შემოდგომის ფერებში“ მოირთო, რამაც იქ მყოფი თითოეული ადამიანი დადებითი ემოციებით დამუხტა.
ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოებამ პოეტი რომან ზუკაკიშვილი მიიწვია.
„შემოდგომას განსაკუთრებით უხდება პოეზია და ტრადიცია არც ამჯერად დავარღვიეთ, მოვიწვიეთ პოეტი - რომან ზუკაკიშვილი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, თემატური სიმღერები შეასრულეს, ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილებმა სხვადასხვა სცენა გაითამაშეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ამ ღონისძიებაში მშობელთა ჩართულობა. მათ თათარა მოადუღეს, რომელშიც ბავშვებმა ჩურჩხელები ამოავლეს.
მსგავსი ღონისძიებები სასწავლო პროცესს მრავალფეროვნებას სძენს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: